მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2-3 წელში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა განსახლების საკითხს" - მინისტრი 500 მლნ–ის უძრავი ქონების განვადებით ყიდვაზე საუბრობს

620a296f6510f
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.22 14:04
979
“დეველოპერებს ექნებათ გარანტირებული დაკვეთა და ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში მთავრობა სამშენებლო ბიზნესისგან დიდი მოცულობის უძრავ ქონებას შეიძენს, საუბარია ახალ კორპუსებზე, სკოლებზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე.

პრემიერის თქმით, ამ პროგრამაში განხვავებული იქნება დაფინანსების სქემა. თუკი ამჟამად მთავრობა ტენდერის გზით ყიდულობს სამშენებლო ობიექტებს და მათ მშენებლობას უშუალოდ ბიუჯეტი აფინანსებს, ახალი მოდელით მთავრობა მშენებლობის ეტაპზე დაფინანსებას არ გამოყოფს, მის სანაცვლოდ მშენებლობას ბანკები დააფინანსებენ და ამ კრედიტებს გარანტორად მთავრობა ჩაუდგება, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას დაფინანსებას განვადების გზით გადაუხდის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ გზით უძრავი ქონების სექტორში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა უფრო სწრაფად მოხდება.

ამ პროგრამაზე BMG-ის კითხვას უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომლის თქმითაც, პროექტის შედეგად, დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფა 2-3 წლის ვადაში მოესწრება.

“ინიციატივის არსია, რომ თანხების მოზიდვა სამშენებლო სექტორმა კერძო ფინანსური ინსტიტუტებიდან შეძლოს, რათა სახელმწიფო საჭიროებების უფრო სწრაფად მოგვარება მოხდეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ბიუჯეტის რესურსების სიმცირიდან გამომდინარე.

ჩვენ გვესმის, რომ დღეს თითოეული სახელმწიფო უწყება თავის შესყიდვებს გეგმავს და ახორციელებს ასიგნებების ფარგლებში და მათთვის შეზღუდულია მრავალწლიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა, მაგრამ პრემიერმა უკვე ძალიან კარგად გამოსცადა თავდაცვის სამინისტროში, როდესაც თავდაცვის სამინისტროს დასაქმებულთათვის საბინაო პრობლემის მოგვარება მოხდა უმოკლეს დროში და ამავდროულად, ეს მოხდა მაქსიმალურად ეფექტიანად ფასების კუთხითაც და ამან გამოიწვია მეტი ჩართულობა კერძო სექტორის და საკმაოდ მაღალი კონკურენცია.

იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა იქნება საკმაოდ წარმატებული. ამაზე გვქონდა შეხვედრა როგორც საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე სამშენებლო სექტორთან და ამ დროისთვის თითოეული სამინისტრო ამუშავებს გეგმას და ამაზე გვექნება შეხვედრა ბიზნესთან. მეც შევხდები ბიზნესს და კერძო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციით ჩამოვალყალიბებთ ამ პროგრამას, რათა ის ეფექტიანი იყოს.

რა შეიძლება ამით სახელმწიფომ მიიღოს? ჩვენ გვაქვს უამრავი საჭიროება ახალი საჯარო ინფრასტრუქტურის, როგორიცაა სკოლები, ბაღები, კულტურისა და სპორტის ობიექტები ასევე კომუნალური ობიექტების საჭიროებები, ბინები დევნილებისთვის, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისა და ვეტერანებისთვის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2-3 წლიან პერიოდში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა ბინით დაკმაყოფილების საკითხს, ასევე ბევრი მიმართულებით გავაუმჯობესებთ საჯარო ინფრასტრუქტურას. ჩვენ შევძლებთ რომ ეკონომიკის დამატებით სტიმულირებას მოვახდენთ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მილიარდი ლარის დამატებით ინვესტიციას მოვიზიდავთ და ჩაიდება ეს ფული ეკონომიკაში.

სიახლეა მეტი კომუნიკაცია, გაზრდილი ლიკვიდობა და დაფინანსების მოზიდვის სხვა წყაროები. დეველოპერების მზადყოფნა, რომ პროექტებში შევიდნენ, რომ თავად შევიდნენ დაფინანსებაში, ამით მოვახდენთ აქსელერაციას პროექტების. 2022 წლიდან გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან შესყიდვებს,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

“ჩვენი მიზანია საჯარო და კომუნალური მშენებლობების წახალისება და დარგში კონკურენციის გაზრდა. ამ მხრივ ჩვენ დამატებით 500 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე ინვესტირრებას ვგეგმავთ წელსვე,”- თქვა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროგრამის შესახებ ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ არის ცნობილი.