მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022 წელს “პაშა ბანკის" კაპიტალი გაიზრდება" - ინტერვიუ ნიკოლოზ შურღაიასთან

61cef46642f94
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.21 17:34
1085
“პაშა ბანკის” და “რე ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ შურღაიამ BMG-სთან 2021 წელი შეაფასა. მისი თქმით, ბანკმა მიაღწია იმ ფინანსურ შედეგებს, რაც დაგეგმილი იყო. ამასთან, შურღაია ამბობს, რომ მომდევნო წელს ბანკის აქციონერებს “პაშა ბანკის” კაპიტალის ზრდა აქვთ დაგეგმილი.

მისი განმარტებით, ბანკის კაპიტალის ზრდა მათ შორის ეროვნული ბანკის განახლებული რეგულაციითაც არის განპირობებული, რადგანაც განახლებული ბუფერებით, ბანკებს, რომელთა კრედიტებიც უფრო მეტად არის დოლარიზებული, მათ უფრო დიდი მოცულობის ბუფერების შენახვა მოუწევთ.

“პაშა ბანკისთვის ეს იყო რთული, მაგრამ კარგი წელი; რითიც შემიძლია ვიამაყო არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ “პაშა ბანკის” და “რე ბანკის” გუნდი. ბევრი რამ ახლებურად ვისწავლეთ, ოფისებში დავბრუნდით პერსონალის 90%-ზე მეტი ორჯერადად ან ერთჯერ აცრილია. ვემზადებით, რომ ბევრი ახალი რამ ვაჩვენოთ ბაზარს, ორივე მიმართულებით.

ბანკი ჯერ კიდევ პატარა რჩება, ფინანსური შედეგებიც რაც იქნა მიღწეული არის ჩვენი გეგმების შესაბამისად. დიდი გეგმები გვაქვს, “პაშა ჰოლდინგის” მფლობელებიც იყვნენ სტუმრად და ერთად კიდევ ბევრი რამ განვიხილეთ.

საბანკო დაკრედიტება კარგ როლს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში; ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მაღალიც იყოს დაკრედიტება. ასევე ვისურვებდი უფრო მეტ ახალ მამოძრავებელს, საბანკო დაკრედიტებასთან ერთად. უფრო მეტი ინოვაციების და ტექნოლოგიების და მეტი ინვესტიციების შემოსვლის ხარჯზე ეკონომიკურ ზრდას.

ჩვენი მიმართულებით, თითქმის დავუბრუნდით ჩვენ წლის შუაში გვქონდა შემცირება, თუმცა შემდეგ დავუბრუნდით იმ საწყის წერტილს, რითიც დავიწყეთ. პანდემიის დროს და მომავალი წლის დასაწყისში ვფიქრობთ, რომ გადავაჭარბებთ, რადგან ბევრი გეგმა გვაქვს. ბანკში გარკვეული ცვლილებები მოხდა და ეს შემცირება ამ ცვლილებების შედეგი იყო, თუმცა ჩვენ უკვე ზრდა განვაახლეთ და ვფიქრობთ, ზრდას კიდევ მოვუმატებთ; “რე ბანკის” მოცულობა უკვე გაორმაგებულია. საცალო მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ბიზნესი და ვფიქრობთ რომ ასე გაგრძელდება,” - ამბობს ნიკოლოზ შურღაია.

- 2022 წლიდან ძალაში შევა რეგულაცია, რომელიც სავალუტო იპოთეკების მაქსიმალურ ვადას 10 წლამდე ამცირებს, ასევე იცვლება სავალუტო ბუფერების დაანგარიშების წესი. რა გავლენა ექნება ამას “პაშა ბანკზე”?

- იპოთეკების ნაწილში საერთოდ არ იმოქმედებს, ხოლო ბუფერების მხრივ, სამწუხაროდ, მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და იმოქმედებს, მეტი კაპიტალის შევსება მოგვიწევს. ისედაც ჩვენს აქციონერებს აქვთ გეგმა, რომ მომდევნო წლის პირველ კვარტალში ჩვენი კაპიტალი გაზარდონ და შესაბამისად, ამ ბუფერების მოთხოვნებსაც დავაკმაყოფილებთ. გვინდა, მეტად ლარიზებული გავხდეთ, ბევრს ვფიქრობთ და ვზრუნავთ ამაზე. ჯერჯერობით, ჩვენი ზომიდან გამომდინარე, უფრო ძნელია ამ ამოცანის შესრულება და ბევრ გეგმას ვსახავთ და გზებს ვეძებთ როგორ გავაკეთოთ ეს უფრო ეფექტიანად.

ვიზიარებთ სებ-ის სტრატეგიულ ხედვას ლარიზაციაზე და გვინდა, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამაში. იოლი ამოცანა არ არის, ჩვენ თავზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, მაგრამ მგონია, რომ შევძლებთ ამის გადაწყვეტას.

ლარიზაცია იოლი არ არის და ბევრ სირთულეს მოითხოვს. მაგალითად, ბავშვს უყვარს კანფეტი, მაგრამ კანფეტის ჭამა არის ყოველთვის კარგი ბავშვისთვის? ხშირად საკვები, რომელიც გემრიელი არაა, ის არის სასარგებლო; ყვავილოვანი კომბოსტო სასარგებლოა, მაგრამ ბევრს არ უყვარს ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ასეთივე რამაა ლარიზაციაც. ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს, რომ ლარი იყოს არამხოლოდ მიმოქცევის და ანგარიშსწორების საშუალება, არამედ იყოს დაგროვების საშუალება და ღირებულების საზომიც.

- 2021 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ორნიშნა ინფლაცია, რა მოლოდინები გაქვთ მასთან დაკავშირებით?

მთელ მსოფლიოში ინფლაცია არის გაზრდილი, 2008 წლის კრიზისის დროს, მთელ მსოფლიოში ფულის მასა ძალიან გაიზარდა, თუმცა მაშინ არ მოხდა ინფლაციის მატება. მაშინ ცენტრალურმა ბანკებმა ჩათვალეს, რომ ეს მისაღები გზა იყო და გრავიტაციულ ძალებს ნაკლები როლი მიანიჭეს, თუმცა რაც ჩვენ ვისწავლეთ მაკროეკონომიკაში, მოქმედებს ეს ძალები; როდესაც იზრდება ფულის მასა, ამას აუცილებლად მოჰყვება ინფლაცია. ბევრი მიზეზითაა ის განპირობებული, ეს არის პანდემიასთან ბრძოლის შედეგების აუცილებლობით, ასევე იმ მიზეზებით, რაც საქართველოში იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდას უკავშირდება.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ეროვნული ბანკის განცხადებებს და არავითარი საფუძველი არ გვაქვს, არ დავიჯერო, რომ გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირდება. გაგებით ვეკიდებით და ვიტანთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ უკეთესობისკენ იმოძრავებს.