მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022 წლიდან უნდა მოხდეს ვალის შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს"

5fe09b9496a6b
ინგა მურუსიძე
21.12.20 22:50
764
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის ვალის მაჩვენებელი, რომელმაც მიაღწია მშპ-ს 60%-იან ნიშნულს, უნდა შემცირდეს.

მან ახალი მოწვევის პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც უნდა დაიძლიოს მომდევნო წლებში.

"ჩვენი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ: მთავრობის ვალის მაჩვენებელი, რომელმაც მიაღწია მშპ-ს 60%-იან ნიშნულს, უნდა შემცირდეს. ვალის შემცირების გზა ყოველწლიური დეფიციტის შემცირებაა. აუცილებელია, 2022 წლიდან მოხდეს ვალის რადიკალური შემცირება და ის დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. 

ეკონომიკური განვითარებისთვის და ინფრასტრუქტურული მიზნების მისაღწევად, მიზანშეწონილია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე, საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და მინიმუმამდე დავიდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი, უნდა მოხდეს ფისკალური რისკების მინიმიზაცია, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებებიდან მომდინარე ვალდებულებებისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილება, ასევე აუცილებელია განხორციელდეს საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რათა მათ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ინფორმაციისთვის, ახალი ვალების მობილიზების შედეგად,  საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ მშპ-ს 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. 60%-ზე ქვემოთ ვალის დონე 2023 წლისთვის უნდა ჩამოვიდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს.