მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3 წელში რაგბის კავშირი შემოსავლებით თვითუზრუნველყოფილი ორგანიზაცია იქნება" - ვიცე-პრეზიდენტი

60718e19510a4
ლიკა გურაბანიძე
10.04.21 15:50
899

"ღია მმართველობაზე გადავდივართ, მაქსიმუმ 3- წლიან პერსპექტივაში რაგბის კავშირი შემოსავლების კუთხით თვითუზრუნველყოფილი ორგანიზაცია იქნება," - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინანსური და მარკეტინგის მიმართულებით ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად კავშირს სოლიდური დავალიანება აქვს დაგროვილი, რისი შემცირებისთვისაც ორგანიზაცია კერძო პარტნიორებთან მუშაობს. 

როგორც ალავიძემ განმარტა, წარსულში საქართველოს რაგბის კავშირის ფინანსები წლის განმავლობაში 70%-ით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივსებოდა, რაც რაგბის განვითარების შესაბამისად მოქნილი არ აღმოჩნდა.

“საბიუჯეტო დაფინანსება ერთი შეხედვით ყველაფრისთვის საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ თუ მეტის გაკეთება გინდა, დიდი რესურსიც უნდა მოიზიდო. 

ბოლო 5 წელი რაგბის განვითარების თვალსაზრისით ფედერაციასა და მის მენეჯმენტში რთული პერიოდი იყო. ის ფინანსური მდგომარეობა, რაც რაგბის კავშირში დამხვდა რთული და სავალალოა, თუმცა ეს წარსულში დარჩება.

ამჟამად ბევრი დავალიანებაა დაგროვილი, თუმცა ამის გამოსასწორებლად აქტიურად ვართ ჩართულები, რადგან ჩვენს რეპუტაციას საერთაშორისო პარტნიორებთან ჩრდილი მიადგა.” - აღნიშნა ალავიძემ.

მისივე განმარტებით, დანაკლისი კერძო სექტორის მხრიდან უნდა შეივსოს.

“კერძო სექტორთან ვთანამშრომლობთ, რაგბის კავშირს სპორტული მიღწევების გარდა, კომერციულად დიდი რესურსი აქვს, რომელიც გამოყენებული ამ დრომდე არ იყო და რომლის გამოყენებასაც ვგეგმავთ,” - განმარტა ალავიძემ.