მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3,6%-იანი ინფლაცია არ ასახავს რეალობას, 2-3 თვეში კიდევ უფრო მძიმე შედეგი გვექნება"

603e46ecbe346
ელენე გოგბერაშვილი
03.03.21 10:15
795
თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის კალკულაციაში კვლავ იყო გათვალისწინებული კომუნალური ტარიფების სუბსიდირების ეფექტი; რომ არა სუბსიდია, ინფლაცია 1.85 პროცენტული პუნქტით უფრო მეტი ანუ 5.45% იქნებოდა.

კომუნალურების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გავლენით, თებერვალში 21%-ით შემცირდა ფასები წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ჯგუფში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კომუნალური ტარიფების სუბსიდირების 4-თვიანი პროგრამა 28 თებერვალს დასრულდა და მარტში კომუნალური ტარიფების სუბსიდია აღარ იმოქმედებს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფლაციის დონე, სავარაუდოდ, კვლავ მაღალი იქნება.

„რა თქმა უნდა, კომუნალურების სუბსიდირებამ გამოიწვია ის, რომ მთლიანად მაჩვენებელი ინფლაციის, რომელიც არის 3,6% უფრო ნაკლებია, ვიდრე იქნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამოწვეულია იმ ღონისძიებით, რაც სახელმწიფომ ჩაატარა გრძელვადიან პერიოდში, არ შენარჩუნდება და ფასები პირიქით, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ხდება ტარიფების გადახედვა, რაც ინფლაციის საერთო დონეზეც იმოქმედებს გაზრდის მიმართულებით“, - აცხადებს bm.ge-ისთან ISET-ის უფროსი მკვლევარი სალომე გელაშვილი.

ფასების ზრდის მორიგ ტალღას აანონსებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელიც. ივა ჭყონია ამბობს, რომ გაძვირებული კომუნალური გადასახადები წარმოებული პროდუქციის, ფასს, რა თქმა უნდა, კიდევ გაზრდის.

„ეს მაჩვენებელი (ინფლაცია 3,6%) არ ასახავს რეალობას და უახლოეს 2-3 თვეში კიდევ უფრო მძიმე შედეგი გვექნება. ჩვენ ის ეფექტი ჯერ არ მიგვიღია, გაძვირებული კომუნალური გადასახადების გავლენით რამდენით გაძვირდება პროდუქტების თვითღირებულება. სუპერმარკეტებს, საცალო სავაჭრო ობიექტებს, ქსელურ მარკეტებს, საკმაოდ გაეზარდათ ხარჯები გაზზე, ელექტროენერგიაზე. საწვავზე, დაახლოებით, 20%-იანი ზრდაა ბოლო თვეების განმავლობაში მაშინ, როცა ყველაფერი ლოგისტიკაზეა მიბმული. ეს მაჩვენებელი (ინფლაციის), ვფიქრობ, 6%-ს გადაცდება“, - აცხადებს ივა ჭყონია.

მისი თქმით, ფასების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არასტაბილური ეროვნული ვალუტაა.

„ბევრი ფაქტორია, რის გამოც ეს (ვალუტის არასტაბილურობა) ხდება. ინვესტიციები არ შემოდის, დაგვარტყა პანდემიამ, არ არის ტურისტი და სადღაც 800 მლნ დოლარზე მეტის გაყიდვა მოუწია სებ-ს 2020-ში, რომ სტაბილურობა შეენარჩუნებინა, მაგრამ თითქმის 17%-ით გაუფასურდა ლარი. შესაბამისად, ახლა ვიღებთ იმ ეფექტს, რასაც ვამბობდით, რომ გრძელვადიან პერიოდში სერიოზულ პრობლემად დაგვიდგებოდა; თუ ასე გაგრძელდა და არ დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება და შემდეგ სიღრმისეულად არ მიეხედა ეკონომიკას, ეს მეტად აისახება ფასებზე“, - აცხადებს ივა ჭყონია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში სასურსათო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ზეთის და ცხიმის ფასი არის გაზრდილი. 2021 წლის თებერვალში წლიურ ჭრილში ფასების მატებამ 34.3% შეადგინა. ასევე, 14%-ით არის გაზრდილი შაქრის და ჯემების ღირებულება, პურის და პურპროდუქტების ღირებულება კი, 8.7%-ით არის გაზრდილი.