მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3D საამქროს" გეგმები - რაში გამოიყენებს სტარტაპი GITA-ს 30 000 ლარიან გრანტს?

625d678206ae3
მარიამ იზორია
19.04.22 09:00
714
ქართული სტარტაპი 3D საამქრო, რომელიც პლასტმასის გადამუშავებითა და მისგან სხვადასხვა ნივთების წარმოებით არის დაკავებული, ახალი დანადგარების შეძენასა და თვეში 5 ტონა პლასტმასის ნარჩენის გადამუშავებას გეგმავს.

როგორც bm.ge-ს სტარტაპის დამფუძნებელმა საბა სირაძემ განუცხადა, პროექტი GITA-ს 30 000 ლარიანი გრანტის მფლობელია და განვითარებას სწორედ ამ თანხით შეძლებს. მისივე თქმით, აღნიშნული დანადგარი ყალიბების გამოყენებით სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის სამშენებლო მასალებს, ელექტრო გაყვანილობებს, კედლის საიზოლაციო მასალას დაამზადებს. ამასთან სტარტაპი ნარჩენების გადამუშავებით ექსტერიერისა და ინტერიერისთვის მაგიდებისა და სკამების წარმოებას დაიწყებს.

“თავდაპირველად პლასტმასას გადამუშავებით 3D პრინტერისთვის აუცილებელი ფილამენტის ძაფი ვაწარმოეთ. შემდგომ პროექტის ახალი კონცეფცია შევიმუშავეთ, ახალი დანადგარი მოვიძიეთ, რომელიც წარმადობას გაზრდიდა. პროდუქტს, რომელსაც მივიღებდით - მასობრივი გამოყენების იქნებოდა. GITA-ს გრანტი ახალი ტიპის დანადგარების შესყიდვას მოხმარდება, რომლის საშუალებითაც სამშენებლო სფეროსთვის საჭირო პროდუქტს, მათ შორის ელექტრო გაყვანილობებს, კედლის საიზოლაციო მასალას შევქმნით. მეორე დანადგარით - პლასტმასას საწნეხით კი ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინისთვის მაგიდებსა და სკამებს გავაკეთებთ.

დაახლოებით 5 ტონამდე ნარჩენს ავითვისებთ, პლასტმასას სუფთა წესით შეგროვების გარდა, ნარჩენს შევისყიდით. გვექნება მასური წარმოების სახე. ვფიქრობ, დარგს ამოუწურავი რესურსი აქვს. თუ ჩვენ კონკრეტულ საინვესტიციო თანხაზე ასვლის შესაძლებლობა გვექნება, 5 ტონა რამდენიმე ათეულ ტონად გადაიქცევა, წარმოება კი უფრო დიდ სახეს მიიღებს” - აღნიშნავს სტარტაპის დამფუძნებელი.


ცნობისთვის: “3D საამქრო” გურიაში 3 ადამიანმა 2021 წელს დააფუძნა. სტარტაპმა 30 000 ლარის მოცულობის გრანტით მცირე წარმადობის გადამმუშავებელი დანადდგარები და 5 ერთეული სამი დე პრინტერი შეიძინა. ნარჩენებით კი სხვადასხვა ნივთების წარმოება და რეალიზაცია დაიწყო.