მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"6 თვის შემდეგ ყველას ნულიდან ექნება დასაწყები" - რაში უნდა დახარჯოს მთავრობამ 2 მლრდ?

5e84a66f89c75
სალომე მეცხვარიშვილი
02.04.20 09:45
1672
2 მილიარდი ლარი - ეს ის თანხაა, რომელსაც მთავრობა კრიზისულ პერიოდში ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის გამოყოფს. ვის და როგორ დაეხმარება ხელისუფლება კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ბიზნესს ამაზე საკუთარი მოსაზრებები აქვს. რესტორატორთა ასოციაცია ძირითადად პოსტკრიზისულ პერიოდზე აკეთებს აქცენტს. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ არცერთ ბიზნესს არ აქვს იმდენი დანაზოგი, რომ მაგალითად, 6 თვის შემდეგ ნულიდან დაიწყოს ოპერირება, ამიტომ რესტორატორი ფიქრობს, რომ გამოყოფილი 2 მილიარდი ლარი სწორედ ამ პერიოდისთვის უნდა იყოს განსაზღვრული.

“ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა და როდის დადგება პოსტკრიზისული მდგომარეობა, იქნება ეს 2-3 თუ 6 თვე? აქედან გამომდინარე, იქნება განსახილველი, რა დახმარება სჭირდება ბიზნესს.

დღეს პრობლემაა ის, რომ ბიზნესს ისევ და ისევ გადასახდელი აქვს კომუნალური გადასახადები და ასევე პრობლემურია სურსათი, რომელიც გაუფუჭდა სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილს, თუმცა, ეს მაინც გადალახვადი პრობლემებია.

უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა ეს თანხა უნდა დაიხარჯოს, არის პოსტკრიზისული პერიოდი. არსებულ სიტუაციაში ზოგიერთმა ოპერატორმა შეიძლება 2 - 3 თვე გაძლოს, მაგრამ ვერავინ გაძლებს ისე, რომ 6 თვის შემდეგ ნულიდან დაიწყოს ოპერირება. ყველას მინუსიდან ექნება დასაწყები”, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, როგორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება რთული სათქმელია, თუმცა მთავარი მაინც ფინანსებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

“როგორი იქნება ეს დახმარება 6 თვის შემდეგ?! ეს იქნება ბანკებთან ურთიერთობა სესხების თანადაფინანსების კუთხით?! სახელმწიფო საკრედიტო ხაზის გამოყოფაში, სადაც იქნება დაბალპროცენტიანი სესხი?! ასევე არის მცირე თემები, სადაც დასარეგულირებელია ბაზარი. ფაქტია, ახალ რეალობაში ვიცხოვრებთ და ამ რეალობაში ასევე დასარეგულირებელია ურთიერთობა მეიჯარესა და მოიჯარეს შორის, ეს არის ის თემები, სადაც გვინდა ერთობლივად ვიმსჯელოთ, რათა სწორად იქნას მიმართული ეს 2 მილიარდი”, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.