მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"60%-მდე ხელფასების ზრდა მიუღებელია" - სოც. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გაიფიცნენ

61e51b4edb16c
მარიამ ვარადაშვილი
17.01.22 12:11
580
სოციალური მომსახურების სააგენტოს დაპირების მიუხედავად, რომ თებერვლიდან დასაქმებულებს ხელფასი გაეზრდებათ, თანამშრომლები გაფიცვას დღეს მაინც აპირებენ. როგორც BMG-ის სოციალურმა აგენტმა თეა ნარიმანიშვილმა განუცხადა, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი, მათ შორის სოციალური აგენტები, უფროსი სოციალური აგენტები, სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები, იურისტები და მთავარი სპეციალისტები პროტესტს გააგრძელებენ.

“ჩვენი პროტესტი გრძელდება. არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, არც შეგვითანხმდნენ და ცალმხრივად გადაწყვიტეს. ამას გარდა, მათი ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და აქედან გამომდინარე, ჩვენი პროტესტი კვლავაც გრძელდება მანამდე, სანამ რეალურ შედეგს არ დავდებთ. ვითხოვთ ფიქსირებული და გამომუშავებული ხელფასის 100%-ით მატებას, ასევე ვითხოვთ გზის ხარჯებისა და დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას. რა მოთხოვნებიც გვქონდა უპასუხოდ დარჩა. გუშინ შეხვედრა გვქონდა მათთან, ვინც ვიფიცებით და ერთხმად გადაწყდა, რომ პროტესტი გრძელდება და ეს შეთავაზება მიუღებელია. ნორმალური ხელფასის პირობებში 40-60%-იანი ზრდა შესაძლოა კარგი იყოს, მაგრამ როცა ადამიანს 360 ლარი აქვს ხელფასი, მისთვის ეს არაფერია”,-აცხადებს ნარიმანიშვილი.

მისივე თქმით, მათთან მოლაპარაკების პროცესში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია იყო ჩართული. “სოლიდარობის ქსელის” იურისტი დავით ომსარაშვილიც ადასტურებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცვა დღეიდან დაიწყება.

გუშინ, 16 იანვარს, სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამშრომლებისთვის თებერვლიდან ხელფასის მატებას გეგმავს. სააგენტოში აცხადებენ, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60% -მდე იზრდება.

კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.