მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"600 ლარის ჯარიმების სანაცვლოდ ავტომფლობელს გაუმართავი მანქანით სიარულის შესაძლებლობა ეძლევა" - აუდიტი

62bf38784bbd5
თამთა ჯიჯავაძე
01.07.22 23:28
1580
არსებული რეგულაციებით წლის განმავლობაში 30-დღიანი პერიოდულობით ჯარიმის შეფარდების შემთხვევაშიც კი, ფიზიკურ პირს − 600 ლარის და იურიდიულ პირს − 2,400 ლარის სანაცვლოდ, ეძლევა გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში მოყვანა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არსებითად აღემატებოდეს ზემოაღნიშნულ თანხებს. ამის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია საუბარი.

როგორც აუდიტი წერს, მოწოდებული ჯარიმების მონაცემების ანალიზით გამოვლინდა შემთხვევები, როცა სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ დაჯარიმდნენ.



მოქმედი კანონმდებლობით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტირება, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა − 50 ლარს, ხოლო იურიდიული პირის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე − 200 ლარს შეადგენს. განმეორებითი ჯარიმის დაკისრება კი 30 კალენდარული დღის შემდეგ ხორციელდება, ასევე − სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებაზე ხარვეზის დადგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ჯარიმა არ ვრცელდება.

აუდიტი ვიდეოკონტროლთან დაკავშირებით გამოვლენილ ნაკლოვანებებზეც მიუთითებს:

„112-დან მიღებული მონაცემებით, 2019-2020 წლებში ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულების ვადაგადაცილებაზე ქვეყნის მასშტაბით რეაგირებდა 559 ვიდეოკამერა, თუმცა უწყებას არ გააჩნია ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტის ავტომატურ რეჟიმში გამოვლენის პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ასეთი ფაქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, რაც კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება.

112-ის განმარტებით, არსებული ვიდეოსამეთვალყურეო ინფრასტრუქტურა, ძირითადად კონცენტრირებულია საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, 2019-2020 წლებში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოსავლენად, რომელთაც არ აქვთ გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მხოლოდ ვიდეოკონტროლს. მოცემული განმარტებებიდან გამომდინარე, ტექნიკური ინსპექტირების მიზნით საგზაო კონტროლის მექანიზმები შიდასახელწიფოებრივ და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ძირითად ნაწილზე არ ხორციელდება და ვერ უზრუნველყოფს ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენას. 112-ის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ოპერირება ფერხდება“, - წერს აუდიტი და ასკვნის რომ:

„112-ს არ გააჩნია ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტის ავტომატურ რეჟიმში გამოვლენის პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ასეთი ფაქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, რაც კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება;

განმეორებითი ჯარიმის ოდენობა და პერიოდულობა როგორც პირველადი ჯარიმის, ისე ტექნიკურ ინსპექტირებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ავტომანქანის ფაქტობრივი დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის სრულყოფილ პრევენციას;

2018-2020 წლებში შეფარდებული ჯარიმების პროცენტული მნიშვნელობა, ინსპექტირება გაუვლელ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით, სრულყოფილი პრევენციისათვის საჭიროებს გაუმჯობესებას.

შსს-ს განმარტებით, სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის − „112“- ის განვითარების გეგმით, ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით გათვალისწინებულია 300 ახალი ვიდეოკამერის მონტაჟი, რაც ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეფორმის მიზნების მიღწევას, საგზაო შემთხვევებისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ასევე, დაზოგავს ფიზიკური კონტროლის განხორციელებაზე სამართალდამცველთა დროს“.