20.ივნისი .2021 14:30

"9 ქვეყანას შორის, სადაც ვსაქმიანობთ, 2020 ყველაზე მძიმედ საქართველოზე აისახა" - VEON

"9 ქვეყანას შორის, სადაც ვსაქმიანობთ, 2020 ყველაზე მძიმედ საქართველოზე აისახა" - VEON
views 596
უკან

VEON-ი ანუ "ბილაინი" საქართველოში მობილური ინტერნეტის სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობს - ამისთვის კომპანიამ NOKIA-სთან გასულ კვირაში $10-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ქსელის მოდერნიზების შედეგად, გაიზრდება "ბილაინის" 4G-ის მობილური ინტერნეტის სიმძლავრე და შეიქმნება 5G ინტერნეტის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურა. NOKIA-სთან ხელშეკრულების გაფორმებას კომპანიის გლობალური CEO კაან თერზიოღლუ დაესწრო, რომელიც კომპანიის გეგმების შესახებ BMG-ს ესაურა. თერზიოღლუს განცხადებით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით კომპანია 4G ინტერნეტის სიმძლავრეს გააორმაგებს.

BMG-ის კითხვაზე, თუ როგორი იყო კომპანიისთვის საქართველოში 2020 წელი, კაან თერზიოღლუ პასუხობს, რომ იმ 9 ქვეყანას შორის, სადაც VEON-ი საქმიანობს, პანდემიას მათ საქმიანობაზე ყველაზე მძიმე გავლენა სწორედ საქართველოში ჰქონდა. მისი განმარტებით ამის მიზეზი იყო ფაქტი, რომ შეზღუდვების გამო ქვეყანაში ტურიზმი შეჩერდა, შესაბამისად, შეჩერდა ის შემოსავალიც, რასაც კომპანია ქვეყანაში ჩამოსულ ვიზიტორებისთვის სერვისის მიწოდებით იღებდა.

“გულწრფელი ვიქნები, პანდემიის განმავლობაში იმ 9 ქვეყანას შორის, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, მათ შორის არის პაკისტანი, ალჟირი, რუსეთი და ა.შ. ყველაზე მძიმე უარყოფითი გავლენა ჩვენს ბიზნესზე სწორედ საქართველოში დაფიქსირდა. და მიზეზი ძალიან მარტივია - საქართველოს ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული ტურიზმზე. რამდენადაც პანდემიამ გადაადგილება შეზღუდა მთელ მსოფლიოში, ხალხი აღარ ჩამოდიოდა ამ ულამაზესი ქვეყნის სანახავად, რამაც სერიოზული ვარდნა გამოიწვია აქტივობის მიმართულებით. მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს, ვფიქრობ, საქართველო იქნება ჩვენს ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან პირველი მიმართულება, სადაც ტურისტები წასვლას მოინდომებენ. ამიტომ ვფიქრობ, ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება, შესაბამისად, ჩვენი აქტივობაც მოიმატებს”, - განაცხადა კაან თერზიოღლუმ.

2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის “ბილაინის” ქსელს 1,266,000 აბონენტი ჰყავდა, რითაც კომუნიკაციების ბაზარზე აბონენტთა რაოდენობით 26%-იანი წილი უჭირავს.