05.სექტემბერი .2019 16:51

"9000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული საგზაო პროექტებზე და მათი რაოდენობა გაიზრდება მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად"

views 114
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დღეს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა.  

„წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია უპრეცენდენტო თანხა - 2 მილიარდი ლარი. ეს დაახლოებით 420 მილიონით მეტია წინა წლის ბიუჯეტზე. 1 სექტემბრის მდგომარეობით, სამინისტრომ უკვე დააფინანსა 964 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაობი, რაც 54%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სამინისტროს ბიუჯეტის 65% საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე მოდის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაახლოებით 4,5 მლრდ ლარის ღირებულების 254 პროექტს ახორციელებს, აქედან 43 პროექტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 3,7 მლრდ ლარით აფინანსებენ.

„ჩვენ გვაქვს მთავარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა და მივყვებით მას. გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა და ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 140 კმ მაგისტრალურ გზაზე. სამუშაო დაწყებულია რიკოთის ორ მონაკვეთზე, ხელშეკრულება გაფორმდა ჩუმათელეთი-ხევის ნაწილზე, ხოლო შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე. დღეს დილით გავაფორმეთ ხელშეკრულება ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე.

ამ პროექტის ყველა მონაკვეთზე გვყავს კონტრაქტორი და მალე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები. მაგისტრალურ გზებთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო ტემპი. წელს უკვე დასრულდა 510 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2020-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება მთის გზების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს 138 კმ გზის რეაბილიტაცია და მშენებლობა,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 200 კმ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების აღდგენას გეგმავს. ამ პროგრამის ნაწილია ქუთაისისა და ზუგდიდის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და დეპარტამენტი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს დიდი გზების რეაბილიტაციაში.

„1 სექტემბრის მდგომარეობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა 565 მლნ ლარის სამუშაო, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემს 190 მლნ ლარით, ანუ 51%-ით აღემატება. მიმდინარე საგზაო პროექტებზე დასაქმებულია 9000-ზე მეტი ადამიანი. დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად.

აქტიურად ვმუშაობთ უცხოელ კონტრაქტორებთან ჩვენი მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით. სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია მომავალი თობის დაინტერესება. ამიტომ, უმაღლეს სასწავლებლებთან და კონტრაქტორებთან ერთად ვცდილობთ ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესებასა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა