05.მაისი .2021 22:35

"ა-მანათი" ოპერირებას დროებით აჩერებს - კომპანია მიზეზებს განმარტავს

"ა-მანათი" ოპერირებას დროებით აჩერებს - კომპანია მიზეზებს განმარტავს
views 403
უკან

ამანათების სატრანსპორტო კომპანია „ა-მანათი“, რომელსაც ამანათები, ძირითადად, გერმანიიდან, ესპანეთიდან და აშშ-დან ჩამოაქვს, ოპერირებას დროებით აჩერებს. მიზეზი ევროპიდან ტრანსპორტირების ხარჯის მატებაა, რაც მომსახურების ტარიფს ზრდის. ამის შესახებ კომპანია განცხადებას თავად ავრცელებს, რომელსაც bm.ge  უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მომხმარებელო, ჩვენ დიდხანს ვეცადეთ ფასის შენარჩუნებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით, რის გამოც გვიწევს მომსახურების დროებით შეჩერება ყველა ქვეყანაში. მივიჩნევთ, რომ ტარიფის შემდგომი ზრდა არ შეცვლის დღევანდელ მდგომარეობას და ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. დიდ მადლობას გიხდით თითოეულ მომხმარებელს თანამშრომლობისთვის და იმედს ვიტოვებთ, ფასების დასტაბილურების შემდგომ კვლავ დავბრუნდებით და აღვადგენთ ჩვენს სერვისს. ჩვენი საწყობები (გერმანია, ესპანეთი, ამერიკა) ამანათებს ჩაიბარებს 18 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 18 მაისის შემდეგ მისულ ამანათებზე კომპანია იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას. პატივისცემით, ამანათის ადმინისტრაცია“.

მსგავსი შინაარსის სატელეფონო შეტყობინება დღეს „ა-მანათის“ მომხმარებლებმაც მიიღეს. შეტყობინებაში წერია, რომ ტრანსპორტირების ფასის ზრდის გამო, „ა-მანათი“ მომსახურების გაწევას დროებით წყვეტს, თუმცა არსადაა დაკონკრეტებული, როდის შეძლებს კომპანია ოპერირების აღდგენას. რამდენად უძვირდებოდა მომხმარებელს „ა-მანათის“ სერვისის გამოყენება - ამ კითხვით BMG კომპანიას დაუკავშირდა:



“მომხმარებელს ფასებიდან გამომდინარე, აშშ-ში პროდუქციის შეძენა უფრო უმარტივდება, ვიდრე - ევროპაში, რადგან ევროპაში პროდუქტიც უფრო ძვირია, რომ არაფერი ვთქვათ ტრანსპორტირების ხარჯებზე ანუ გამოდის, რომ პროდუქციაზე გაზრდილი ფასების გამო, მომხმარებელი დავკარგეთ. კომპანიამ რომ იმუშავოს, უნდა ჰყავდეს მომხმარებელი, რომელსაც უნდა შევთავაზოთ კარგი სერვისი და ფასი. ამ ეტაპზე რაღაც მოლაპარაკებები გვაქვს გარკვეულ კომპანიებთან, ვცდილობთ და გვაქვს იმედი, რომ ტრანსპორტირების ფასად დავაბრუნოთ 7 ევრო, რაც მომხმარებლისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, დღევანდელი პირობების გათვალისწინებით“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ხათუნა გემაზაშვილმა და დასძინა, რომ ტრანსპორტირების ტარიფმა ერთი ევროთი მოიმატა. 

როდის განაახლებას მუშაობას "ა-მანათი" კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა