მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აბულმუგის აბანოს“ კონსერვაცია იწყება

6055bcf89af1d
მარიამ იზორია
20.03.21 13:15
1139
რამდენიმე დღეში დმანისთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „აბულმუგის აბანოს“ კონსერვაციის სამუშაოები დაიწყება - ესაა საყდრისის გადარჩენის კომიტეტისა და კომპანია RMG-ის ერთობლივი პროექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით საყდრისის კომიტეტმა 19 მარტს მედიისთვის პრეზენტაცია ადგილზე გამართა.

ირკვევა, რომ პროექტი მხარეებს შორის 7-წლიანი მოლაპარაკებების შედეგია. კომიტეტმა RMG-ის საწარმოს ოპერირების ტერიტორიაზე მდებარე ძეგლზე წვდომა 2018 წელს მოიპოვა.

„ჩვენ ერთად შევქმენით უპრეცედენტო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყოს ბიზნესი და კულტურული მემკვიდრეობა თავსებადი, კომიტეტს არასდროს ნდომებია დიდი ბიზნესის გაჩერება. 3-წლიანი მოლაპარაკებები „აბულმუგის აბანოს" შესახებ დასასრულს უახლოვდება; ჩვენ 2018 წლიდან ორჯერ ჩავატარეთ გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები კვლევებთან ერთად, რათა ძეგლზე სრული სურათი გვქონოდა. მდგომარეობა სავალალოა, ვმსჯელობთ, რა დამატებითი სამუშაოებია საჭირო ძეგლის შესანარჩუნებლად; „აბულმუგმა“ ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს“, - ამბობს საყდრისის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე.

მისი თქმით, კონსერვაციის სამუშაოები, დაახლოებით, 2-3 თვე გაგრძელდება, რის შედეგადაც განისაზღვრება, რამდენად მყარია ძეგლი შემდეგი სამუშაოების ჩასატარებლად. კომიტეტის წევრების მიზანია „აბულმუგის აბანომ“ სტრუქტურა და ავთენტურობა შეინარჩუნოს, რათა მისი კულტურულ ცხოვრებაში დაბრუნება მოხერხდეს და ვიზიტორებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს.

თავის მხრივ, RMG-ის წარმომადგენელი ირაკლი შატაკიშვილი აცხადებს, რომ ძეგლის გამაგრების სამუშაოები ინიცირებულია საყდრისის კომიტეტის მიერ და კონსერვაციისთვის საჭირო დაფინანსებას კი კომპანია უზრუნველყოფს.

რაც შეეხება იმას, რა გავლენას ახდენს კულტურულ ძეგლებზე ადგილზე კომპანია RMG-ის მუშაობა, აფეთქების ოსტატი გურამ სამიაძე ჟურნალისტებს უყვება, რომ ძალიან ფრთხილად მუშაობენ.

„კომპანია RMG-ის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოები განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს, ეს არტეფაქტის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. დმანისის ტერიტორიებზე დიდი სიფრთხილით ვეკიდებით აფეთქების წარმოებას. ვცდილობთ, სეისმური ტალღების გავრცელების საფრთხე შევამციროთ. ამასთან, ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შედეგად ძეგლი ბოლომდე შესწავლილია, „აბულმუგის აბანო“ 24 საათის განმავლობაში კამერით კონტროლდება და ჩანაწერზე წვდომა საყდრისის კომიტეტს აქვს“, - ამბობს აფეთქების ოსტატი.

ცნობისთვის: XVII-XVIII საუკუნის სპარსული წარმოშობის ურბანული ძეგლი აბულმუგი საყდრისის არტეფაქტია.
(NS)