მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადა კაფე მცხეთა": მხოლოდ 4 თვე ვიმუშავეთ... მომხმარებელიც და შემოსავალიც 80%-ით შემცირდა

5fb252a7ed4f4
ინგა მურუსიძე
16.11.20 14:55
1524
"ტურიზმი მკვდარია" - ყველაზე მოკლედ და ყველაზე ხშირად ასე აფასებენ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები დარგში არსებულ მდგომარეობას და "გაცოცხლებას" შემდეგი წლის გაზაფხულამდე არც ელიან. ვიზიტორების დეფიციტია ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქ მცხეთაშიც.

"სეზონი ჩავარდა" - ამბობენ სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ და არა - მხოლოდ, მდებარე კაფე-ბარები და არც მედიასთან საუბრის სურვილი აქვთ, თუმცა არიან გამონაკლისებიც. სამი წლის წინ, $200,000 დოლარის ქართულ-თურქული ინვესტიციით გახსნილი ღია კაფე - „ადა კაფე მცხეთის“ ერთ-ერთი მეპატრონე ჯაბა ბარნოვი ამბობს, რომ გასული წლის სეზონთან შედარებით, წელს კაფეს 80%-ით ნაკლები მომხმარებელი და შესაბამისად, შემოსავალი ჰქონდათ. 

როგორც ის ამბობს, ზოგადად, მცხეთაში სეზონი მარტში იწყება და ოქტომბერში სრულდება, თუმცა წელს მარტში ისედაც ყველაფერი დაიხურა, ამიტომ კაფე ივნისში გაიხსნა და მუშაობაც მხოლოდ 4 თვე შეძლეს.

„დაახლოებით, ორი კვირაა, რაც დავიხურეთ. ზოგადად, ყოველ წელს ასე ხდება, ოქტომბრის ბოლოდან კაფეს ვკეტავთ, თუმცა წელს სეზონი განსხვავებული იყო და ძალიან ცუდად ჩაიარა. მონაცემებს თუ შევადარებთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ით ნაკლები იყო მომხმარებელიც და შემოსავალიც. ჩვენს რესტორანში ძირითადად თურქული კერძები მზადდება და ქართველები ნაკლებად ინტერესდებიან, მხოლოდ ინტერიერის და მტკვარზე ხედების გამო შემოდიან. ამდენად, ჩვენი მომხმარებლები, ძირითადად, უცხოელები და უფრო მეტად თურქები არიან. შესაბამისად, რადგან წელს ტურისტები არ იყვნენ, ჩვენც ვერ ვიმუშავეთ. ზოგადად, ადგილობრივებსაც ვასაქმებთ სეზონზე, თუმცა წელს იმდენად ცოტა საქმე იყო, რომ დამფუძნებლებიც საკმარისი ვიყავით, რომ მომსახურება გაგვეწია“, - განაცხადა ბარნოვმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ რესტორანი მომდევნო სეზონზეც აუცილებლად გაიხსნება.

ამ დროისთვის „ადა კაფე მცხეთის“ მთავარი საზრუნავი საბანკო ვალდებულებების მომსახურებაა. კაფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე სესხის პროცენტის გადავადების პროგრამა ძალიან დაეხმარათ, ხოლო ამჟამად სესხის რესტრუქტურიზაცია გააკეთეს და მინიმალური თანხის გადახდას ახერხებენ.