მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღარ მოხდა სესხების გაფორმება" - კაკაურიძის თქმით, მთავრობამ რამდენიმე ვალზე უარი თქვა

624eca89445c3
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.22 15:22
1379
პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ რამდენიმე სასესხო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა. კაკაურიძის განმარტებით, ამ ვალების აღებაზე უარის თქმა სახელმწიფო ვალის შემადგენლობის შეცვლის პოლიტიკით არის განპირობებული. კერძოდ, მთავრობა უფრო მეტი აქცენტის გაკეთებას გეგმავს შიდა ვალზე, ხოლო დონორებისგან თანხის აღებას შეამცირებს. 

"ჩვენ დაგეგმილი გვქონდა არამხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ინფრასტრუქტურული მიმართულებებითაც სესხების აღება, თუმცა აღარ გაფორმდა სასესხო ხელშეკრულებები და აღარ მოხდა ხელმოწერა, ვინაიდან ჩვენი სტრატეგიული მიზანი რაც არის, არის ვალის მოწყვლადობის შემცირება, ანუ ერთის მხრივ ჩვენ უნდა შევამციროთ ვალის მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებით, მაგრამ ამავე დროს მიზანია, რომ უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის თანაფარდობა ვალში, რაც დღეს 80%/20%-ზეა, 2025 წლისთვის 65%/35%-ზე შევამციროთ.

ეს სესხი არის ერთ-ერთი იმ ხელშეკრულებათაგანი, რომელიც შევაჩერეთ. რადგანაც შესაძლებლობა გაჩნდა კორპორატიზაციით თავად სახელმწიფო ელექტროსისტემამ დააფინანსოს პროექტი,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დღეს პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტი EBRD-თან არსებული €90-მილიონიანი კრედიტის შემცირების შესახებ მსჯელობდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ვალის მეორე ტრანშს, რომელიც 55 მილიონი ევროსგან შედგებოდა საქართველო აღარ ისესხებს. 

ამ ინიციატივის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს თანხა განკუთვნილი იყო ნენსკრაჰესთან დასაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის და ქვესადგურის მშენებლობისთვის. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძის თქმით, მთავრობის მიზანია სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირება, რათა თავად სსე-მ შეძლოს დამოუკიდებლად ფინანსების მოზიდვა და საკუთარი სახსრებით ან ახალი სესხით დააფინანსოს აღნიშნული პროექტი და ის მთავრობის სესხით აღარ აშენდება.

“2024 წლისთვის როდესაც დაგეგმილი იყო ამ ტრანშის აღება და ათვისება, ამ პერიოდიდან შესაძლებლობა ექნება კომპანიას, რომ დაიწყოს საკუთარი კაპიტალით ამ თანხის მობილიზება და ასევე კორპორატიზაციის პარალელურად, თავადვე შეძლოს სესხის მოზიდვა და არ დასჭირდეს სახელმწიფოს ამისთვის სუვერენული სესხის აღება და შემდგომ მასზე გადასესხება,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

“საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მიმართა EBRD-ს სესხის თანხიდან მეორე ტრანშის (55 მილიონი ევროს) გაუქმების და სასესხო შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების თხოვნით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EBRD-ის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების მეორე ტრანშის გაუქმების თაობაზე,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.12 მილიარდია, რაც 25.63 მლრდ ლარს შეადგენს. მათ შორის EBRD-ის მიმართ ვალი 229 მილიონი დოლარია.