16.თებერვალი .2020 16:51

"აგარის შაქარი“ ბაზარზე მონოპოლისტი იყო და კონკურენცია არ არსებობდა"

views 2275
უკან

შპს "ალფას" გაყიდვების ხელმძღვანელის ლევან კირვალიძის შეფასებით, „აგარის შაქარი“ ბაზარზე მონოპოლისტი იყო და სხვა იმპორტიორები წლების მანძილზე უმცირესობაში იყვნენ, კომპანიის დახურვის შემდეგ კი ბაზარზე გაჩნდა კონკურენცია, რამაც შაქრის ფასზე გავლენა იქონია.

„აგარის შაქრის“ დახურვის შემდეგ მეტად კონკურენტული გახდა ბაზარი, მაშინ მონოპოლისტური ბაზარი იყო და „აგარა“ ცდილობა, რამდენიმე კომპანიისთვის, ვისაც შაქარი შემოჰქონდა, გარკვეული სახის ფასდაკლებები გაეკეთებინა და ამით იმპორტიორებს გარკვეული შეფერხებები გვქონდა. ეს ხდებოდა პერიოდულად, ახლა უკვე ყველაფერი დამოკიდებულია კონკურენციაზე, სადაც 10, ან თუნდაც 100 კომპანიას შეუძლია შაქრის შემოტანა და შესაბამისად, რაც უფრო მეტი შემოიტანს პროდუქტს, მით უფრო დაბალია ფასი და „აგარას“ დროს კონტროლირებული ფასები იყო“, – ამბობს BMG-სთან შპს „ალფას“ გაყიდვების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ „აგარის შაქრის“ ქარხანა გასული წლის მარტიდან კონსერვაციაშია. ბოლო წლების განმავლობაში, „აგარაში“ მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეწყვიტა. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა.

ბოლოს ქარხანამ მუშაობა 2018 წლის 1 ივნისს განაახლა. მაშინ ითქვა, რომ პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, „აგარის შაქარსა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგა, მაგრამ შეთანხმების დეტალებზე არავინ საუბრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ საწარმოს, სავარაუდოდ, სხვადასხვა ტიპის შეღავათები დაუწესეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ "საქართველოს რკინიგზამ" "აგარის შაქარს" სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფი გადაუანგარიშა და შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფი 1 ტონა ტვირთზე 3,58 აშშ დოლარამდე შეუმცირა.

„მხარეთა შეთანხმებით შემუშავდა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი, რის შედეგადაც, ქარხანამ მუშაობა სრულად განაახლა“, - აცხადებდნენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2018 წლის ივნისში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა