მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგარის შაქარი" ისევ კონსერვაციის რეჟიმზე გადავიდა - მთავრობასთან მორიგი მოლაპარაკება მიდის

5ffdb3dd2ba81
ინგა მურუსიძე
13.01.21 09:45
1425
2020 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს ქვეყანაში შაქრის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პროექტის განხორციელებისკენ მოუწოდა. საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში გლობალურ ბაზარზე შაქრის ფასი მაღალი ტემპით იზრდებოდა, რის საპირწონედაც მთავრობამ შაქრის ადგილობრივი წარმოების ამუშავება გადაწყვიტა. შედეგად, აგარის შაქრის კომბინატი, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დახურული, 2020 წლის პირველი ივნისიდან წლის ბოლომდე ამოქმედდა. შესაბამისად, საწარმომ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმუშავა და ახლა ისევ გაჩერდა.

როგორც bm.ge-ის „აგარის შაქრის“ დამფუძნებლის წარომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ უთხრა, მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იანვრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, საწარმო მუშაობას გააგრძელებს თუ - არა.

„2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო საშეღავათო ვადა; დამთავრდა ეს პერიოდი, ამოიწურა და ქარხანა კონსერვაციაზეა, თუმცა მთავრობასთან მოლაპარაკებები გრძელდება. გთხოვთ, გვადროვეთ თვის ბოლომდე და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებთ“, - განაცხადა ნათბილაძემ. 
 
რაც შეეხება იმას, რა დაუჯდა, ჯამში, სახელმწიფოს "აგარის ქარხნის" დროებით ამუშვება, ნიკოლოზ ნათბილაძემ თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება მთავრობის კომპეტენციაა.

შეგახსენებთ: სახელმწიფოს დახმარების შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ "აგარის შაქარს" შეღავათიან ფასში მიეწოდება ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხრიდან ბუნებრივი აირი, ასევე, "საქართველოს რკინიგზა" ლოგისტიკური მომსახურების შეღავათიან ფასში გაწევას ჰპირდებოდა.