27.მაისი .2020 19:35

"აგარის შაქარი" კონკურენტულ გარემოში რენტაბელური ბიზნესი არ არის - გახარია

views 517
უკან

"აგარის შაქარი" ჩვეულებრივ, კონკურენტულ გარემოში რენტაბელური ბიზნესი არ არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ის მართვის სისტემები, ის დანადგარები, რომელიც აგარის შაქარს აქვს, კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულ იაფ შაქარს.

"აგარის შაქარი" ჩვეულებრივ, კონკურენტულ გარემოში ვერ არის რენტაბელური ბიზნესი. ეს არის ფაქტი, ის მართვის სისტემები, ის დანადგარები, რომელიც აგარის შაქარს აქვს, კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულ იაფ შაქარს. ან იყო ამოცანა, რომ სახელმწიფომ წლები უნდა ასუბსიდიროს, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადობა აბსოლუტურად არ აქვს, ან მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა უბრალოდ სასურსათო უსაფრთხოებიდან და მომარაგებიდან, სამუშაო ადგილების შექმნიდან, გაზის ფასის კლებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა მისი ამუშავება. იქ 400-500 სამუშაო ადგილია და ჩვენ ამით პირველ რიგში ვართ დაინტერესებული", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირაში” ქვეყანაში ადგილორბივი წარმოების განვითარებისთვის, მათ შორის კი “აგარის შაქრის” წარმოების ხელშეწყობის შესახებ გააკეთა განცხადება. 

“ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება არის კიდევ ერთი გლობალური ტრენდი. კორონავირუსის კრიზისმა დაგვანახა, რომ შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც ქვეყნები უფრო მეტად უნდა ეყრდნობოდნენ საკუთარ რესურსსა და საკუთარ ძალებს. საქართველოში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი რესურსის გამოყენებით შევქმნათ საკმაოდ კინკურენტული პროდუქცია და ბევრი მიმართულებით შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. ჩვენი საინვესტიციო ბლოკის ერთი ნაწილი სწორედ ამას ეთმობა, რომ განვავითაროთ დარგები, სადაც იმპორტის გარკვეული ჩანაცვლება შეგვიძლია. ეს არის სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი წარმოება. კვების ინდუსტრია, მაგალითად აგარის შაქარი ახსენეთ და მთლიანად არა მხოლოდ ერთ კომპანიაზე, არამედ სექტორზე შეგვიძლია ვისაუბროთ,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

შაქარი მთავრობის გადაწყვეტილებით იმ შვიდ საქონელს შორისაა, რომელთა ფასის დაზღვევის პროგრამასაც მთავრობა ახორციელებს.

საქართველოში შაქრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტის საშუალებით ივსება. 2019 წელს, საქართველოში დაახლოებით 128 ათასი ტონა ლერწმის/ჭარხლისგან დამზადებული შაქრის იმპორტი განხორციელდა. საერთო რაოდენობიდან 40 ათასი ტონა პოლონეთიდან (32%), 20 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან (16%), 19 ათასი ტონა (15%) კი რუსეთიდან არის შემოტანილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა