მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგარის შაქართან" მთავრობის შეთანხმების დეტალები - ინტერვიუ

5edf9ce7767f7
ელენე გოგბერაშვილი
09.06.20 18:45
1258
პრემიერის დავალებიდან ორი თვის თავზე ეკონომიკის სამინისტრომ პირობა შეასრულა და "აგარის შაქრის" კომბინატმაც მუშაობა ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა. მთავარი პირობის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა. "აგარის შაქარმა" იმპორტირებული პროდუქტის 50% უნდა ჩაანაცვლოს.

როგორც გვახსოვს, "აგარის შაქარი" სწორედ იმიტომ გადავიდა კონსერვაციის რეჟიმში, რომ ის იმპორტირებულ პროდუქტს ვერ უწევდა კონკურენციას, თუმცა სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმების წყალობით, კომპანია 1 ივნისიდან უკვე სატესტო რეჟიმში ამუშავდა. აქამდე კონკრეტულად არც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს და არც თავად კომპანიას უსაუბრია, რა ტიპის შეთანხმება შედგა მხარეებს შორის.

"აგარის შაქრის" დამფუძნებლის წარმომადგენელი სახელმწიფოსთან შეთანხმების დეტალებზე არც დღეს საუბრობს. Bm.ge-ს მიერ თემის შესახებ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ ნიკოლოზ ნათბილაძე მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ამბობს იმას, რისი თქმაც შესაძლებელია, დეტალების შესახებ კი ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებმა თვითონ უნდა გაასაჯაროვონ, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან.

"ერთ-ერთი დიდი ხელშეწყობა, რაც საყოველთაოდ ყველასთვის გამოცხადდა, საშემოსავლო გადასახადის 6 თვით პატიების მექანიზმია. ამან ძალიან ხელი შეუწყო. ამასთანავე იყო გაზის ტარიფთან მიმართებაში სახელმწიფოს მიერ მოწოდება შედარებით შეღავათიან ფასში და ამანაც განაპირობა ჩვენი ქარხნის ამუშავება", - აცხადებს ნიკოლოზ ნათბილაძე.

რა მოცულობის შეღავათზეა საუბარი?

დეტალებისგან მე თავს შევიკავებ. სჯობს თვითონ გაარკვიოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან.

თქვენ ხომ კომპანიის ხელმძღვანელი ბრძანდებით და უკეთ იცით, რა ტიპის მხარდაჭერას გიცხადებთ სახელმწიფო?

გამოგიცხადეთ ის, რისი თქმაც შესაძლებელი იყო.

ლოჯისტიკური თვალსაზრისით რა ტიპის მხარდაჭერა გაქვთ? როგორც ირკვევა რკინიგზას გთავაზობთ საშეღავათო პირობებს. თუ შედგა შეთანხმება და კონკრეტულად რაზე?

ამაზეც რკინიგზას მიმართეთ.

თქვენ რატომ არ ასაჯაროვებთ დეტალებს?

სახელმწიფომ თვითონ გაასაჯაროვოს, თუ ჩათვლის თვითონ საჭიროდ.

რაც შეეხება იმპორტის 50%-ის ჩანაცვლებას, როდიდან შეძლებთ ბაზრის ამ წილის დაკავებას?

სადაღაც 60 ათასი ტონა იქნება გადამუშავებული წლის ბოლომდე, შესაბამისად საქართველოს შაქრის ბაზარს თუ გადავხედავთ, არის 130-135 ათასი წლიური მოხმარება და ჩვენი გამოშვებული პროდუქცია დაახლოებით 50% იქნება.

იმპორტირებული ნედლეულის და საწარმოო ხარჯს როგორ დააბალანსებთ, მხოლოდ გაზის ტარიფის შეღავათი საკმარისია?

მესმის თქვენი კითხვები, მაგრამ მე ერთს განვაცხადებ - მნიშვნელოვანია, რომ ქარხანა გაიხსნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 500 ადგილობრივია დასაქმებული. ამაზე კარგ საქმეს ამ რეგიონში ეს ქარხანა ვერ გააკეთებს.

რატომაა სახელმწიფო მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ დეტალები უცნობი?

დეტალები შეგიძლიათ შემოსავლების სამსახურს მოკითხოთ და რამდენი წელია კომპანია რა ზარალზე მუშაობს, ეგეც შეგიძლიათ მოიძიოთ. დანარჩენ დეტალებზე მე უბრალოდ თავს ვიკავებ და არ გესაუბრებით.

რატომ იკავებთ თავს?

"იმიტომ!", - ასე დასრულდა საუბარი "აგარის შაქრის" დაფუძნებლის წარმომადგენელთან.

კონკრეტიკაზე არ უსაუბრია ქარხნის გახსნაზე ჩასულ ეკონომიკის მინისტრსაც, თუმცა თქვა, რა ნაწილში აღმოუჩნეს დახმარებას მთავრობა ადგილობრივი წარმოების შაქარს.

"ჩვენ წარმოებას დავეხმარეთ იმით, რომ შედარებით შეღავათიან ფასში მივაწოდეთ ბუნებრივი აირი - ნავთობის და გაზის კორპორაციამ. ასევე საქართველოს რკინიგზა დაპირდა, რომ შეღავათიან ტარიფში გაუწევს ლოგისტიკურ მომსახურებას. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წარმოება და აგარის შაქრის ღირებულება იყოს კონკურენტული, მდგრადი, და აქ დასაქმებულმა 500-მდე ადამიანმა ხელფასები დროულად მიიღოს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.