მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღმოჩნდა, რომ ჩვენი დერეფანი ყველაზე მოკლე, უსაფრთხო და ეკონომიკურად საიმედოა" - მამუკა მურჯიკნელი

62d6eba1efb9d
ალა ისპირიანი
19.07.22 22:18
2082
"უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენი დერეფანი არის ყველაზე მოკლე, უსაფრთხო და ეკონომიკურად საიმედო" - ამის შესახებ აღმოსავლეთიდან დასავლეთით მინერალური სასუქების ტრანსპორტირების მომსახურების კომპანია Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამის დასტურია კომპანია "Uzkimyoimpeks"-სთან გაფორმებული მემორანდუმიც, რის შემდეგაც ნახევარ მილიონ ტონამდე ტრანზიტული ტვირთის რაოდენობის ზრდას ელიან.

„ამ მემორანდუმის გაფორმება ჩვენთვის ძალიან საპატიოა, რადგან ეს არის უზბეკეთში ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანება, რომელიც სასუქებს აწარმოებს. უკვე თითქმის 1 წელია ამ კომპანიასთან ვმუშაობთ. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველია, ვინც მოახერხა და უზბეკური წარმოების შარდოვანა საქართველოს ტრანზიტით ბათუმში გაიტანა. მემორანდუმზე ხელის მოწერა საშუალებას მოგვცემს, რომ არა მარტო ჩვენს ტერმინალში, არამედ მთლიანად ჩვენს რეგიონში ტრანზიტი წლიურად სავარაუდოდ 400 000-დან ნახევარ მილიონ ტონამდე გავზარდოთ.

უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ გამოჩნდა, რომ ჩვენი დერეფანი არის ყველაზე მოკლე, უსაფრთხო და ეკონომიკურად საიმედო. დღეს ძალიან ბევრი და ცნობილი კომპანიები ცდილობენ თავიანთი ნაწარმოები სხვადასხვა სახის ტვირთი ჩვენი ქვეყნის დერეფნის მიმართულებით გადმოამისამართონ და ამ ყველაფრის პატარა მიმღები ჩვენი ტერმინალიც [ბათუმის პორტში] იქნება. იმ ფონზე, რომ ჩვენი დერეფნის მიმართ ნდობა და ინტერესი გაიზარდა, მოხარული ვართ, რომ ჩვენც როგორც ტერმინალი მზად დავხვდით ამ ყველაფერს. წლიურად 2 მილიონი ტონის გადაზიდვა შეგვიძლია, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა", - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია Wondernet Express Investment Group-სა და უზბეკეთის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Uzkimyosanoat-ის წარმომადგენელ კომპანია Uzkimyoimpeks-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Uzkimyosanoat უზბეკეთის ქიმიურ საწარმოებს აერთიანებს და წელიწადში 3 მილიონ ტონა მინერალურ სასუქს აწარმოებს.