მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგროგრუპმა" გორში მილიონიანი ინვესტიციით ახალი სამაცივრე მეურნეობა გახსნა

618cde7845dcb
ინგა მურუსიძე
11.11.21 22:00
1240
კომპანიამ „აგროგრუპი“ გორის მუნიციპალიტეტში სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 110,000 ლარი დამფუძნებლის ინვესტიცია.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, თამაზ გამგებელმა bm.ge-ს უთხრა, სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, კომპანია მომდევნო წელს გაფართოებასაც გეგმავს, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

„ამ ეტაპზე ბოსტნეულს არ ვინახავთ. ხილის შენახვის სერიოზული პრობლემა დგას შიდა ქართლში. როგორც „აგროგრუპის“ დამფუძნებლებს, ისე აქ მცხოვრებ სხვა მეწარმეებს არ გააჩნიათ ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა. გადავწყვიტეთ, რომ შექმნილიყო ხილის შესანახი მაცივარი. მოვიპოვეთ გრანტი, დამფუძნებელმაც აიღო შეღავათიანი აგროკრედიტი, გაიღო პირადი ხარჯი და გავხსენით სამაცივრე მეურნეობა. ამჟამად ხილია განთავსებული მაცივარში, ნაწილი სხვისი და ნაწილი კომპანიის დამფუძნებლების ბაღებიდან. ძირითადად სხვადასხვა ჯიშებს ვაშლს და ქლიავს ვინახავთ. შენახვა შესაძლებელია მომავალი წლის მაისამდე“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

შენახული ხილის რეალიზაცია ძირითადად დეკემბრიდან იწყება და ის ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რა უჯდება ამა თუ იმ კომპანიას, სამაცივრე მეურნეობის ქირაობა, „აგროგრუპის“ წარმომადგენელი არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს შეთანხმების საგანია, გააჩნია ხილის შენახვის ვადას, სახეობას და ა.შ.

ინფორმაციისთვის, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში 56 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა 15,000 ტონაზე მეტი პროდუქციის შემნახველი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 34 მილიონი ლარის აგროსესხი იქნა გაცემული.

შპს „აგროგრუპის“ ახლად გახსნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად დაათვალიერა.