მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა"

617153e6a2817
ინგა მურუსიძე
21.10.21 15:47
1034
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქმე ეხება საქმეებს - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს, რომლებიც ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

„სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მათი პრეტენზიების გასამყარებლად.

სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

ევროპულმა სასამართლომ საჩივრები დაუშვებლად ცნო. სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონში აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.