მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალტერსოქსის" წინდები სიცილიაში, პალერმოს ქუჩებში გაიყიდება

61d7172edad7f
მარიამ ადამია
06.01.22 20:25
2964
2022 წელი “ალტერსოქსისთვის” იტალიაში ექსპორტით დაიწყო. ამიერიდან სიცილიის სამ ულამაზეს ტურისტულ ქალაქში - პალერმოში, ჩეფალუსა და მონრეალეში, კომპანიის მიერ წარმოებული წინდები გაიყიდება. ამ დროისთვის პროდუქცია უკვე 5 მაღაზიაშია წარმოდგენილი, დამფუძნებლები აღნიშნულ რეგიონში კიდევ უფრო დიდ გეგმებს აანონსებენ. bm.ge "ალტერსოქსის" თანადამფუძნებელს, ნინა მენთეშაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხმარებლებს იმდენად მოეწონათ პროდუქცია და იტალიელი პარტნიორები იმდენად კმაყოფილები არიან გაყიდვების მაჩვენებლით, რომ ახალ საექსპორტო შეკვეთას ამზადებენ.

“სიცილიიდან 2021 წლის შემოდგომაზე დაგვიკავშირდნენ ერთ-ერთი მსხვილი სუვენირების მაღაზიების ქსელის მფლობელები და გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ “ალტერსოქსის” პროდუქცია მათ ქსელსა და მათი საბითუმო პარტნიორების მაღაზიებში გაყიდულიყო. მათთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და წინდების პირველი პარტია დეკემბრის ბოლოს გავგზავნეთ იტალიაში,” - აღნიშნა ნინა მენთეშაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თანადამფუძნებლის თქმით, სიცილიაში კიდევ უფრო გაფართოვდება დისტრიბუცია და რამდენიმე ათეულ ობიექტში შეიტანენ წინდებს.

“ასევე, ვგეგმავთ რომ ახლო მომავალში “ალტერსოქსის” არსებული, პოპულარული მოდელების გარდა, შევქმნათ წინდები სიცილიის დამახასიათებელი თემატიკით სპეციალურად ამ რეგიონისთვის. ეს მხარე იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ტურისტულია, თითქმის მთელი წლის განმავლობაში ტურისტების დიდი ნაკადი ჩადის სამოგზაუროდ და დასასვენებლად, ამიტომ ვფიქრობთ, “ალტერსოქსს” სიცილიაში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და, რა თქმა უნდა, ძალღონეს არ დავიშურებთ რომ ჩვენმა ბრენდმა ამ რეგიონში დიდ წარმატებას მიაღწიოს,” - განაცხადა “ალტერსოქსის” თანადამფუძნებელმა, ნინა მენთეშაშვილმა.