მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალუტეკ ჯორჯია": კიდევ ერთი ჩაკეტვა ჩვენთვის კატასტროფა იქნება

6080038d435fe
ინგა მურუსიძე
21.04.21 20:00
889
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების მწარმოებელი კომპანია „ალუტეკ ჯორჯიას“ დირექტორი დავით ჯანიაშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული 4-11 მაისის უქმე დღეები კერძო სექტორს არ შეეხება.

"თუ უქმე დღეების გამო სავალდებულო დასვენება კერძო სექტორსაც შეეხო და ჩაკეტვა მოგვიწევს, ეს კატასტროფა იქნება“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

bm.ge-ისთან საუბრისას დავით ჯანიაშვილმა წინა ორი „ლოქდაუნის“ პერიოდიც გაიხსენა და თქვა, რომ „ამის განმეორება ბიზნესისთვის მძიმე იქნება“.

რაც შეეხება „ალუტეკ ჯორჯიას“ საქმიანობას, სადაც ამჟამად 70 ადამიანია დასაქმებული, კომპანიის დირექტორი გვიყვება, რომ 2020 წელს 2019-თან შედარებით ბრუნვა 20%-ით შეუმცირდათ, თუმცა ამ ეტაპზე „საქმე ნორმალურად მიდის“.

„ბუნებრივია, პანდემია ბიზნესზე ნეგატიურად აისახა, მაგრამ ახლა საქმე ნორმალურად მიდის. ჩვენი პროდუქცია გათვლილია საშუალო და მაღალ ფენაზე. მოსახლეობას შემოსავალი შეუმცირდა და შესაბამისად, კომპანიის შემოსავალმაც იკლო. უამრავ გზას მივმართეთ იმისთვის, რომ მომხმარებელი დავაინტერესოთ, მათ შორის სხვადასხვა აქციას. მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ვცდილობთ ფასები არ გავზარდოთ და ა.შ. ჯერჯერობით, ძველ ტემპებს ვერ დავუბრუნდით, მაგრამ მთავარია, ვმუშაობთ“, - განაცხადა მან.

დავით ჯანიაშვილის ინფორმაციითვე, „ალუტეკ ჯორჯიას“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გადიოდა,მაგრამ პანდემია ამ მხრივაც ხელისშემშელი ფაქტორი აღმოჩნდა.

„ჩვენი პროდუქცია რამდენჯერმე გავიდა სომხეთში, თუმცა პანდემიამ ექსპორტს ხელი შეუშალა და ამ ეტაპზე მეზობელ ქვეყანაში აღარ გავდივართ, თუმცა სომეხ პარტნიორებთან მუდმივი მიმოწერა გვაქვს და მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა „ალუტეკ ჯორჯიას“ დირექტორმა და დასძინა, რომ მათი ნაწარმით კანადაც დაინტერესდა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ „ჯერ გადაწყვეტილი არაფერია“.