მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ“ - თორნიკე რიჟვაძე გალიფ ოზთურქზე

629f4bd6797a0
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.22 17:14
6569
„მე ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ“ - ასე უპასუხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვაზე - რა ბედი ელის თურქი ბიზნესმენის მიერ აშენებულ შენობებს, აჭარის მთავრობის მეთაურმა პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ მშენებლობის საკითხი ბათუმის მუნიციპალიტეტის თემაა.

„რაც შეეხება იმ კონკრეტულ ე.წ. ბიზნესმენს, რომელსაც მე მიკავშირებთ - ოზთურქს, თქვენ რომ ხელის აწევით ელაპარაკებოდით ეგეთ ბიზნესმენებს ეგ პერიოდი წარსულს ჩაბარდა. მე ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ. იცით ვინ შემოიყვანა ეს ბიზნესმენი 2010 წელს, როდესაც ავტოსადგურის ტერიტორია გადაეცით, თქვენ შემოგყავდათ.

მე არ შევალ გამოძიების საკითხებში, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, თუმცა გეტყვით, რომ ყველა ინვესტორს - იქნება ადგილობრივი თუ უცხოელი, კანონის ფარგლებში ექნება ხელშეწყობა, თუმცა ქვეყანაში არსებული წესების დაცვა მოუწევს.

შენობების საკითხი მუნიციპალიტეტის საკითხია“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის: ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო “ეიფორია”, “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”.

მიმდინარე წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო მერიის მარეგულირებელ ფუნქციებზე, რომელსაც უწყება არაჯეროვნად ასრულებს, მათ შორის უკანონო მშენებლობების პრევენციაზე. ანგარიშის თანახმად, ყველაზე ფართომასშტაბიანი უკანონო მშენებლობა ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის “მეტრო ტერმინალს” უკავშირდება, რომელიც გოგოლის ქუჩაზე 50,000 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე 7 კორპუსს აშენებს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ბათუმის მერიამაც: "მეტრო ტერმინალი" 49-ჯერ დავაჯარიმეთ, თუმცა უკანონო მშენებლობა არ ჩერდება.

ბათუმის მთავრობის განცხადებას უპასუხა "მეტრო ჰოლდინგმაც". განცხადების მიხედვით, კომპანიას ამ დრომდე ნებართვის მიღებაში სხვადასხვა სახის ბიუროკრატიულმა ბარიერმა შეუშალა ხელი.