მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ დანახარჯებით შესაძლებელია, მეტი შედეგის მიღწევა" - ხუნდაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე

5fe87cd570bc4
სალომე მეცხვარიშვილი
27.12.20 16:20
755
ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარე დიმიტრი ხუნდაძე აღიარებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯებით ბევრად დიდი შედეგის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე დღეს გვაქვს. ამის შესახებ მან გადაცემა “Forbes კვირასთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში გადასახედია.

“ზოგადად, ჯანდაცვა არის სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი დარგი. ახალი ტექნოლოგიები შემოდის და დანახარჯებიც ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის მექანიზმით სარგებლობენ, არის ყოველთვის მზარდი. ჩვენ ვართ იმ 33 ქვეყანას შორის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დანახარჯებით შესაძლებელია, უფრო ეფექტური მართვა და მეტი შედეგის მიღება.

არის საკითხები, რომლებიც უნდა განახლდეს: მედიკამენტების დანახარჯი არის დიდი, პირველადი ჯანდაცვის რგოლი დღეს არის ნაკლებ აქტიური, ვიდრე უნდა იყოს. სინამდვილეში ის უნდა იყოს ყველაზე მძლავრი ფილტრი”, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ წესით, უფრო მძლავრი უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვა, რომელიც დაავადებების პრევენციის, შესაბამისად, ნაკლები დანახარჯების გარანტი იქნება.

"საწყის ეტაპზე უნდა ხდებოდეს ადრეული დიაგნოსტიკა, პრევენცია და შემდეგ უკვე სტაციონარული მომსახურება არ დაჯდება იმდენი, რამდენიც ახლა ჯდება. ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემები მინიმიზებულია, მოსახლეობის 20%-ს უწევს სტაციონარში მისვლა, 80% კი მიდის პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ჩვენთან პირიქითაა. ასევე უნდა გაიზარდოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის სანდოობა, ექთმების დეფიციტია ქვეყანაში - უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი გაკეთებულა, უბრალოდ კიდევ მეტია გასაკეთებელი”, - აცხადებს ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ყველაზე მსხვილი სამთავრობო პროექტია, რომლისთვისაც მაგალითად 2020 წელს 802 მილიონი გამოიყო, წლის განმავლობაში კი თანხის ორჯერ დამატება გახდა საჭირო, პირველად 95 მილიონი ლარის, მეორედ - 20 მილიონი ლარის. აღნიშნული პროგრამა მუდმივად მსგავსი ტენდენციით ხასიათდება და მთავრობას წლის განმავლობაში თანხის დამატება მუდმივად უწევს.