მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ დარგს გააჩნია აგროკალენდარი და არც ხვნა-თესვა იცდის" - ნინო ზამბახიძის ინიციატივები

5e88415b98b8f
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 12:20
2552
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოსვლაში სახელმწიფოს საკუთარ ხედვას სთავაზობს, - ამის შესახებ BM.GE-ის ასოციაციიდან აცნობეს.

როგორც ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ, კორონავირუსმა მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა და ქვეყნების ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. თითოეული სახელმწიფო ცდილობს, ეკონომიკური კრიზისიდან სწორი გამოსავალი მოძებნოს, ამისთვის კი, სხვადასხვა ეკონომიკურ სტრატეგიას მიმართავენ. კრიზისია ასევე, სოფლის მეურნეობის სექტორშიც.

მათივე განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად მთელი მსოფლიო გადასულია სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რადგანაც სურსათის იმპორტი ქვეყანებს შორის მცირდება.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები, როგორც მოკლე, ისე - გრძელვადიანი.

„სურსათის იმპორტი ქვეყანებს შორის მცირდება, უკვე საუბარია მუშახელის დეფიციტზე სოფლის მეურნეობაში და განვითარებულმა ქვეყნებმაც დაიწყეს სხვადასხვა მასტიმულირებელ გზებზე ფიქრი! თუ გვინდა, სოფლის მეურნეობა განვითარდეს და გვესმის, რომ ამ დარგს გააჩნია აგროკალენდარი და არც ხვნა-თესვა იცდის, მაშინ სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები, მოკლე ვადიანიც და გრძელვადიანიც. ჩემი ხედვა ამ საკითხის გადაწყვეტაში ასეთია: საჭიროა, საბრუნავი კაპიტალი ფერმერებისთვის და ასევე ფინანსურ რესურსზე ხელისაწვდომობა. უნდა იყოს ახალი პროექტები ერთწლიანი კულტურის წარმოებისთვის (ბოსტნეული, მარცვლეული). უნდა მოხდეს მეტი შემნახველი და სამაცივრე მეურნეობის მოწყობა. მნიშვნელოვანია მეცხოველეობის მეხორცული და მერძეული მიმართულებების განვითარება, საოჯახო მეფრინველეობის ფერმების მხარდაჭერა, აკვაკულტურის პროქტების განვითარება, მუშახელის გადამზადება და ამავდროულად სოციალურად დაუცველების ეკონომიკაში ჩართვა, მათი გადამზადება და დასაქმება“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწების სწრაფად აღწერა და აუქციონზე გატანა, როგორც საპრივატიზაციოდ, ასევე - გრძელვადიანი იჯარით.

„ასევე, საჭიროა მექანიზაციის პროექტების მხარდაჭერა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწების სწრაფად აღწერა და აუქციონზე გატანა, როგორც საპრივატიზაციოდ, ასევე გრძელვადიანი იჯარით. საგადასახადო და საბაჟო შეღავათებით დაწყებული - საშემოსავლოს გათავისუფლებით დამთავრებული, შემოსავლების ზედა ზღვრის მოხსნით დაასევე საჭიროა, აგროტურიზმის ხელშეწყობა საკანონმდებლო დონეზე. მნიშვნელოვანია, ფერმერების აღრიცხვა და სავალდებულო სტატისტიკის მომზადება წარმოებულ პროდუქტზე, სახელმწიფო შესყიდვებში კანონის დონეზე ადგილობრივი პროდუქტით მომარაგება სახელმწიფო უწყებების (ჯარი, ბაღები, სასჯელაღსრულება და სხვა). ცხადია, ინფრასტრუქტურა და სარწყავ-საირიგაციო სისტემები, რომ გვჭირდება ეგ თავისთავად იგულისხმება“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.