მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ეტაპისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ" - რა ფორმით ჩაერთო PSP დაზღვევა COVID-19-თან ბრძოლაში?

5fa586e668b72
ინგა მურუსიძე
06.11.20 21:50
2221
Covid -19-ის მართვის პროცესში კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 26 ოქტომბერს გამართული უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ "მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში და შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს აქვს. ეს ვალდებულება აქვთ იმ ექიმებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულები“, - აღნიშნა მინისტრმა.

სადაზღვევო კომპანიებს შორის, რომლებიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთნენ, PSP-დაზღვევაცაა. მისმა დირექტორმა, სოფიო ლებანიძემ BM.GE-ს უთხრა, რომ PSP-დაზღვევას 25 ოჯახის ექიმი ჰყავს მობილიზებული:

„კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე PSP-დაზღვევამ შეცვალა მიდგომა და მოქალაქეებს ემსახურება ონლაინ, იმისთვის, რომ დაზღვეულებს არ შექმნოდათ დისკომფორტი. ჩვენ მოქალაქეებს კარგად აწყობილი, ორგანიზებული სერვისები შევთავაზეთ. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ოჯახის ექიმები უნდა იყვნენ ჩართული პანდემიის მართვაში, აქტიურად ვართ ჩართული მოლაპარაკებებში და მთავრობის ყველა თხოვნა არის გათვალისწინებული. დამატებითი სერვისებიც კი მივაწოდეთ მოქალაქეებს ძალიან სწრაფად და ეფექტურად“, - განაცხადა სოფიო ლებანიძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოიყო 25 ოჯახის ექიმი, რომელიც პაციენტებს კორონავირუსთან დაკავშირებით ემსახურება დისტანციურად. სოფიო ლებანიძის განმარტებით, PSP-დაზღვევის ბენეფიციარები უკვე პირდაპირ სადაზღვევო კომპანიაში რეკავენ და შუამავლად 112-ის ქოლ-ცენტრი საჭირო არ არის.

ლებანიძის თქმით, PSP-დაზღვევისადმი მიმართვიანობა გაზრდილია და თუკი ამ დრომდე ერთი ოჯახის ექიმი დღის განმავლობაში მართავდა 600-მდე პაციენტს, ახლა ეს მაჩვენებელი 800-მდეა ასული.

„ამ მაჩვენებელში შედის როგორც კოვიდ-პაციენტები, ასევე კოვიდ-საეჭვო და უბრალო რესპირაციული სიმპტომის მქონე პაციენტი. რაც შეეხება კორონავირუსის სტატისტიკას, ამ დროისთვის ჩვენი ექიმები 100-მდე პაციენტს ემსახურებიან, ხოლო სერვისი მიწოდებულია დილის 09:00-დან 21:00 საათამდე“, - ამბობს ლებანიძე.

PSP-დაზღვევის გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიას პროცესში ჩართვისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება დასჭირდა, როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური კუთხით, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ ციფრზე საუბარი ნაადრევია, რადგან სერვისზე მოთხოვნა ყოველდღიურად იმატებს.

PSP-დაზღვევაში ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია:

„ამ ეტაპზე ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს ალბათ არის მაქსიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ. დამატებითი მობილიზება გავაკეთეთ როგორც ხარჯების, ისე ადამიანური რესურსის“, - განაცხადა სოფიო ლებანიძემ.