მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ფონზე გვინდა, რომ ვაზილ ჰუდაკმა და სხვა მრჩევლებმა მოიზიდონ ინვესტორები? გამორიცხულია" - ჭუმბურიძე

60ed5b8da4fd3
სალომე მეცხვარიშვილი
13.07.21 23:30
869
რომელ ინვესტორებზე ვსაუბრობთ, როცა ქვეყანაში ელემენტარული წესრიგი ვერ დავამყარეთ?! - ამის შესახებ საქართველო - ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე აცხადებს. ის ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს ეხმაურება.

“ეს არის რუსული ეფ-ეს-ბე-ს ხელი საქართველოში, რომელიც ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას”,- ამბობს ჭუმბურიძე.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისულ მდგომარეობაში არის ვადამდელი არჩევნები.

“ის, რაც ბოლო დღეებში თბილისში ვნახეთ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ სახელმწიფოებრიობა სუსტად გვაქვს განვითარებული. ძალიან რთული ყოფილა დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ უფრო რთული ყოფილა მომდევნო 30 წელი. გვეგონა, რომ მარტივად შევძლებდით ქვეყნის განვითარებას.

ნახეთ, რითი ვხვდებით საქართველოს 30 წლისთავს? ვხვდებით იმით, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი არჩევნები, არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და არ გვაქვს თავისუფალი და დაცული მასმედია. ამ სამ ღირებულებაზე დგას ევროპული დემოკრატია. თუ ეს 3 ღირებულება ვერ შევქმენით, ჩათვალეთ, რომ ყველა მცდელობა, ინვესტორების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა, იქნება ამაო.

ის კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ, როცა 50 ჟურნალისტს უმოწყალოდ გაუსწორდნენ ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეები; ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ სახელმწიფოც დაინტერესებული იყო ამ ანგარიშსწორებაში...და ჩვენ გვინდა, რომ ვაზილ ჰუდაკმა და სხვა მრჩევლებმა მოიზიდონ ინვესტორები? გამორიცხულია”,- აცხადებს სანდრო ჭუმბურიძე.