მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ფორმით სოც. პაკეტის შეთავაზება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს" - სოსო ბერიკაშვილი

5f2c0510abe83
ვიქტორია მღებრიშვილი
06.08.20 18:00
1116
ამ ფორმით სოც. პაკეტის შეთავაზება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ასე აფასებს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილ ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის მხარდაჭერის სოციალურ პაკეტს, რომლის ძირითადი ბენეფიციარები ბავშვები და ახალგაზარდები არიან.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ეკონომისტი აღნიშნავს, ხელისუფლების წარმომადგენლები თავადაც აღარ ამბობენ, რომ ეს ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და აცხადებენ, რომ ეს სოციალური დახმარებაა.

სოსო ბერიკაშვილი განმარტავს, რომ მთავარ სამიზნე ჯგუფებად ბავშვების დასახელება ლოგიკას მოკლებულია და ყველა ბავშვი საქართველოში არ არის მოწყვლადი.

„ჩემთვის მთავრობის არგუმენტი საკმარისი არ არის, როდესაც ამბობენ, რომ ბავშვები განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა, არის ყველაზე მოწყვლადი კატეგორია. ამიტომ უნდა ავდგეთ და ყველა ბავშვს დავეხმაროთ, არანაირ ლოგიკაში ეს არ ჯდება“, - ამბობს ბერიკაშვილი.

ეკონომისტი მთავრობის სოციალურ პაკეტს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს ნაბიჯი პირდაპირ კონვერტირდება საარჩევნო ხმებში.

როცა არჩევნებამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები და ეხმარები არასრულწლოვნებს, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რომელიც რაციონალურია. მანდ ლოგიკა ის არის, რომ ისინი ამომრჩევლები არ არიან, მაგრამ რეალურად ხომ მათ მშობლებს ეხმარები, ისინი არიან ამომრჩევლები. შესაბამისად, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ფორმით სოციალური პაკეტის შეთავაზება და მთავრობისგან მე ჯერჯერობით არ გამიგია რაციონალური არგუმენტი ამის გასამართლებლად. თქვეს, რომ ბავშვები არის მოწყვლადი ჯგუფი. ყველა ბავშვი არ არის მოწყვლადი ჯგუფი. მაშინ რაღაცნაირად შერჩევითად დავხმარებოდით იმ ოჯახებს, ვინც სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილია და სჭირდება ეს, მესმის, რომ სკოლაში მისვლა პრობლემაა და ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანების ბაზები არსებობს და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა...

მაგრამ ზუსტად აქ ჩნდება კითხვის ნიშნები, რომ ამ ფორმით უფრო მეტ ადამიანზე გადიან და მეტ რაოდენობას ფარავენ და მეტ ადამიანს მოიმადლიერებენ, რაც შემდგომში კონვერტირდება საარჩევნო ხმებში. წინასაარჩევნოდ ასეთი რაღაცეების კეთება ძალიან არასწორი მიდგომაა. ხალხში კიდევ არ არის ის ცნობიერება, რომ აღიქვან, რომ ბიუჯეტის ფული ჩვენი - გადასახადების გადამხდელების ფულია და რა ფულით ეხმარება მთავრობა ხალხს ყველასთვის გასაგები არ არის“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სახელმწიფო ბიუჯეტის შეზღუდულ რესურსებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობამ კრიზისულ პერიოდში უნდა დაეხმაროს დაზარალებულ მოსახლეობას, ოღონდ ეს უნდა იყოს დიფერენცირებული, ვინ დაზარალდა და ვინ არა.

„მეორე მხრივ ბიუჯეტის დაფინანსების წყარო, ჩვენი გადასახადების გარდა არის სესხები, რომელიც ავიღეთ და რომელსაც ვხარჯავთ ამ სოციალურ პაკეტებზე. შესაბამისად, ძალიან დაკვირვებულად და ფრთხილად უნდა ხარჯვა ამ თანხებს, სხვა შემთხვევაში ეს სესხები ისევ ჩვენი შვილები გადასახდელია, რომელსაც ახლა ამბობენ, რომ ეხმარებიან.

კი, მთავრობა უნდა დაეხმაროს მოსახლეობას, ვისაც პრობლემა შეექმნა პანდემიის პერიოდში, მაგრამ ასე ყველას არ უჭირს, იგივე მაგალითად საჯარო სამსახურში ვინც არის დასაქმებული, ისინი არც შეუმცირებიათ და არც შემოსავალი მათ ოჯახებს არ შემცირებიათ. ცოტა რთული კი არის დასამენეჯმენტებლად, მაგრამ ვისაც უჭირს იმათ უნდა დავეხმაროთ და არა ყველას. ჩვენც ხომ შეზღუდული რესურსები გვაქვს და ყველას დახმარება არ არის ადვილი ღარიბი სახელმწიფოსთვის.

გვესმის, რომ პორტალს აკეთებენ და ეს ნებაყოფლობით იქნება, მაგრამ მორალურად რამდენად სწორი იქნება, რომ უარი თქვა დახმარებაზე, როდესაც სახელმწიფო გჩუქნის. ამ ფორმით ასე ყველაზე დახმარების მიცემა, მით უმეტეს ასე არჩევნებთან ახლო პერიოდში, ძალიან გაუგებარია“, - განმარტა ეკონომისტმა.

მისივე თქმით, ზამთრის თვეებში კომუნალურის გადასახადების სუბსიდირების ნაწილშიც მთავრობას არასწორი მიდგომა აქვს.

„რაც შეეხება კომუნალურების სუბსიდირებას, ზოგ ადამიანს 3 სახლი აქვს და ცალ-ცალკე კომუნალური გადასახადი ცოტა გამოსდის, ანუ თვითონ ამ ხალხის საჭიროებებიდან კი არ გამოვდივართ უბრალოდ რაღაც დათქმა გააკეთეს და იმის მიხედვით გამოდის, რომ ვისაც უფრო მეტად უჭირს, ისინი ვერ სარგებლობენ უფრო მეტად“, - თქვა მან.

სოსო ბერიკაშვილი მთავრობის მიერ დღეს გაჟღერებული სოციალური პაკეტის ერთადერთ პუქტს აფასებს პოზიტიურად და აცხადებს: „სტუდენტებთან მიმართებაში არ მაქვს პრეტენზია, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარებიან და ეს გასაგებია“.