მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ პროცესზე წინასაარჩევნო პოპულიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს" - კეპულაძე საპენსიო ტენდერზე

60faafaa0614e
BM.GE
23.07.21 16:06
937
საქართველოს მთავრობა ხანდაზმული მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას “ლიბერთი ბანკთან” არსებული ხელშეკრულების მეშვეობით ახორციელებს. “ლიბერთი” ამ ექსკლუზიურ უფლებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად ფლობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ “ლიბერთი ბანკის” გარდა, ამ ტენდერში სხვა არცერთი კომერციული ბანკი არ მონაწილეობდა. ბოლო რამდენიმე თვეა ბანკის მისამართით როგორც ოპოზიციური, ასევე მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკა მზარდია, რაც ე.წ. “საპენსიო სესხების” საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდება.

BMG პენსიების ადმინისტრირების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძეს ესაუბრა. ის მიიჩნევს, რომ უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკოსთა მხრიდან საკითხის შესახებ გაკეთებული განცხადებები ტრადიციულად საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან არის დაკავშირებული. გიორგი კეპულაძის განმარტებით, პენსიების ადმინისტრირების საკითხზე მსჯელობისას კრიტიკულად აუცილებელია სახელმწიფომ მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და პოპულისტური განცხადებების გავლენის ქვეშ არ მოექცეს.

“წლების განმავლობაში “ლიბერთი” იყო ერთადერთი ბანკი, რომელიც აკმაყოფილებდა სახელმწიფოს მიერ წაყენებულ პირობებს, რომ ყველა პენსიონერმა შეუფერხებლად მიიღოს კუთვნილი პენსია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის ორი უფრო დიდი კომერციული ბანკი, მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ფილიალები და სპეციალური სერვისცენტრები, რომ ყველა პენსიონერს მოემსახურონ. კერძოდ, მათ, ვისაც არ შეუძლია რაიონულ ცენტრში არსებულ ფილიალებში ჩასვლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილზე მიუტანოს პენსია. დაახლოებით, 200,000-მდე პენსიონერი, ანუ თითქმის ერთი მეოთხედი ჯამურად პენსიონერებისა, ცხოვრობს ისეთ სოფლებში, სადაც არც ერთი ბანკის ფილიალი და ბანკომატი არ არის. ამ ადამიანების საპენსიო უზრუნველყოფას დამატებითი ხარჯები სჭირდება, კომერციული ბანკის მხრიდან. 

ხანდაზმულთათვის პენსია არასდროს დაგვიანებულა. პენსიის გაცემის საკითხში შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ლიბერთი” ნორმალურად ართმევს ამას თავს. ძირითადი დაინტერესება და განცხადებები პოლიტიკოსთა მხრიდან გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა ე.წ. საპენსიო სესხები. როგორც “ლიბერთიმ” განმარტა, ის საპროცენტო განაკვეთი, რაც არის დაახლოებით 30%, არის ის ეკონომიკურად გამართლებული, საბაზრო განაკვეთი, რითიც შეძლებენ ამ სესხების მომსახურებას, თუმცა ისიც გვახსოვს, რომ წლების წინ ეს განაკვეთი 100%-მდეც აღწევდა და დინამიურად შემცირდა ბოლო წლებში.

საკითხით პოლიტიკოსების დაინტერესებას რაც შეეხება, ეს უფრო პოპულისტური თემაა. თუ მთავრობა წინასაარჩევნოდ ეცდება, რომ ეს პოლიტიკური თემა გადაწყვიტოს, ისე, როგორც მისთვის პოლიტიკურად იქნება მომგებიანი, ამით ალბათ მხოლოდ პოლიტიკოსები მოიგებენ, თუმცა პენსიონერები შეიძლება დაზარალდნენ ამ საპენსიო ტენდერის დაშლით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ თავად პენსიების დარიგების საკითხი გააზრებულად გადაწყდეს - როგორც პენსიონერების ინტერესის, ისე სახელმწიფოს ინტერესის გათვალისწინებით.

ამ პროცესზე წინასაარჩევნო პოპულიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს, რადგან შეიძლება დაზარალდნენ პენსიონერები. მე მესმის საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, მაგრამ უკვე არის საუბარი იმაზე, რომ მაშინ საერთოდ გააუქმებს ბანკი პროდუქტს, არადა, შეიძლება, ძალიან ბევრი პენსიონერი სარგებლობდა ამ სერვისით. შეიძლება მაღალი საპროცენტო განაკვეთია და არაა მარტივი მომსახურება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პენსიონერებს, ზოგადად, სხვა ბანკები სესხებს საკმაოდ რთულად აძლევენ,” - განმარტავს კეპულაძე.