მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამაში სასიამოვნო არაფერია" - გახარია აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შესაძლო შეჩერებაზე

5f081021ae65d
ინგა მურუსიძე
10.07.20 10:55
1696
აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები.

საკითხს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გამოეხმაურა. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ეს არის პირველი სანქცია ბოლო წლების განმავლობაში, რასაც საქართველოს ამერიკა უწესებს, პრემიერმა უპასუხა - „არ გადამრიოთ“.

„ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა ამაში სასიამოვნო არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ იმ პუნქტების საპასუხოდ, რომელიც იქ ჩამოთვლილია, საპასუხოდ ითქმის, რომ საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, შიდა პოლიტიკური წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა გარეთაც გადის. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო და მახსოვს, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილებების შემდგომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. რა თქმა უნდა ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, ღიად, გახსნილად და კონკურენტულ გარემოში, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გამოთქმული ყველა მოსაზრება არის ყურადსაღები და მთავრობა ასეც იქცევა.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსები ცდილობენ უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ამიტომ ყველა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და ღირსეულად, დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.