მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამაზე მე არასდროს არსად მისაუბრია" – რა აფერხებს მცირე ჰესების მშენებლობას საქართველოში?

61a37267819ca
დავით ჯალაღონია
28.11.21 17:20
2716
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარგებაძე იმ ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებს ასახელებს, რაც რეგიონებში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ახლავს. ამ საკითხზე მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ გამართულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც განახლებადი ენერგიების განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

გიორგი მარგებაძემ დარგში არსებული გამოწვევები იმ მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მაგალითზე განიხილა, რომელსაც გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ახორციელებს.

"ძირითადი პრობლემებია ის პროტესტი და ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც რეგიონებში გვაქვს. ესენია: "მწვანეები", ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული ადამიანები, მოქმედი კერძო ბიზნესი და ადგილობრივი ხელისუფლება, ვგულისხმობ მერებს, გუბერნატორებს და ა.შ. ამაზე მე არასდროს არსად მისაუბრია და კარგია, რომ საშუალება მომეცა. მწვანეებთან დაკავშირებით ყველამ ვიცით, ვინც არიან და რაც არიან, რა დღის წესრიგი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, ხვლიკებზე არის გადასული უკვე ეს ყველაფერი და საჩივრებია სასამართლოში შესული, რომ ხვლიკების გამრავლებას შეუშლის ხელს ჰესების მშენებლობა.

ოპოზიციურად განწყობილ პარტიებთან დაკავშირებული ადამიანები, ესენიც ვიცით რა მოტივებით არიან – რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს სოფელ ვაკიჯვარში 13 მლნ დოლარი დავხარჯო, 120 ადამიანი დავასაქმო და სოციალური პროექტები გავაკეთო, ესაც გასაგებია.

კერძო ბიზნესი – რომელთაც დასაქმებული ჰყავთ ადამიანები და ეშინიათ, როდესაც მივდივართ რეგიონში და ვამბობთ, რომ 120 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ და საშუალო ხელფასი 1000 ლარი იქნება, გასაგებია, რომ ცდილობენ ხელი შეგიშალონ, რადგან 200 და 300 ლარზე, მონურ მდგომარეობაში ამუშავებენ ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი და გაუგებარია, ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების ინერტულობა. ხშირ შემთხვევაში ხელის შეშლაც კი. ინერტულობაში ვგულისხმობ, რომ არც მწვადს ვწვამ და არც შამფურს.

მე 10 წლის გამოცდილებას გიყვებით, სადაც არაერთ რეგიონში მაქვს პროექტი – აჭარაში, სამცხე–ჯავახეთში, გურიაში და ქვემო სვანეთში. კახეთშიც იგივე პრობლემებია, "ლოპოტა ჰესის" დირექტორი მოვიყვანოთ, მოვაყოლოთ რა ხდება და გავიგებთ. რისი თქმა მინდა? – ეს არის ის ინერტულობა, სადაც არც მწვადს ვწვამთ და არც შამფურს, ანუ ერთ მხარესაც კოჭს ვუგორებთ და მეორესაც ვეუბნებით, აბა რა, უნდა ავაშენოთ ჰიდროელექტროსადგურებიო.

ერთ სასაცილო მაგალითს გეტყვით – კონკრეტულად სოფელ ვაკიჯვარში ვაშენებთ 9 მეგავატიან ჰიდროელექტროსადგურს, 13 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და 120 ადამიანი დავასაქმოთ. 1.5 მლნ ლარი სოფლის სოციალური პროექტებისთვის უნდა გამოვყოთ. აბსოლუტურად ყველაფერს ვეხებით – სპორტს, ჯანდაცვას, კულტურას, საბავშვო ბაღის მოდერნიზაციას და ა.შ. უპრეცედენტო სოციალური პროექტები უნდა განვახორციელოთ და წარმოიდგინეთ, "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი პირდაპირ გვიცხადებს, მე ვეწინააღმდეგები, საქართველოში ჰესები არ უნდა შენდებოდესო და პირდაპირი, მთავარი ოპონენტია ჩვენი. ეს მისი უცოდინრობით, ან გაუნათლებლობიდან რომ მოდიოდეს, კიდევ ავიტანთ, მაგრამ ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ საკალმახეზე მთავარ ბუღალტრად მუშაობს და საკალმახეს ერთადერთი ინტერესი აქვს, ეს სადგური არ დაიწყოს, რადგან თვეში 70 ლარად ამუშავებენ ადამიანებს, რომლებიც ზამთარში "ბასეინში" ჩადიან და თევზს წრიტავენ ხიზილალის მისაღებად. წარმოიდგინეთ, 120 ადამიანის დასაქმება რომ იქნება საჭირო, როგორ გამოექცევათ ეს ადამიანები იქიდან. ან ხელფასები უნდა გაზარდონ და საკუთარ სახლში მარმარილოს ქვები აღარ მიიტანონ. ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? – ეს აბსოლუტურად ყველგან ერთი და იგივეაა.

ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სამი სოფელია – ზესხო, ცანა და ღობი. ულამაზესი სოფლებია და სამივე დაცლილია. 15 წლის წინ რომ დავიწყეთ იქ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, მაშინაც ცარიელი იყო და დღესაც ასეა. პროექტები, რაც იქ უნდა განვახორციელოთ, კვლევის სტადიაზეა. გარდა იმისა, რომ 50 მილიონი დოლარი უნდა შემოვიტანოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, 300 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ, სოციალური პროექტები უნდა განვახორციელოთ ამ სამ სოფელში, სადაც ხალხი დაბრუნდება. ამაზე მეტი რომელიმე დარგს შეუძლია გააკეთოს? – ტურიზმი ვერ ამოგვიყვანს ჭაობიდან, ვნახეთ ორი წლის წინ რა მოხდა. ვერც გაყიდული ყურძენი მოგვცემს იმ ბენეფიტებს, რაც ამ სფეროს შეუძლია. 80 ჰიდროელექტროსადგურია გაჩერებული, მიმოფანტული ჩვენს რეგიონებში", – განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

აქვე, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა შუახევშის მუნიციპალიტეტის მერთან და დღეს უკვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთან ფრიდონ ფუტკარაძესთან მუშაობის მაგალითიც გაიხსენა, როგორც ინვესტორთან ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრმლობის ერთ–ერთი საუკეთესო პრაქტიკა.

"ჩვენ კარგი მაგალითებიც გვაქვს. შუახევის რაიონში არის ასეთი მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რომელიც მანამდე დეპუტატი იყო. ეს ადამიანი, შეხვედრაზე რომ მიდიოდი, სანამ თავის ყველა მოსახლეს არ მიიღებდა და მოუსმენდა, მანამდე ინვესტორს არ შეხვდებოდა –მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა მანქანით მიხვედი, ან როგორ იყავი ჩაცმული. ამ ადამიანმა სანამ არ აგვაღებინა ვალდებულება ხიდის რეაბილიტაციაზე, ტურისტული ბანაკის მოწყობაზე, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე და სანამ არ მოგვთხოვა, რომ პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან დაგვესაქმებინა ხალხი, მანამდე არაფერი გაუკეთებია. როგორც კი ეს ვალდებულება ავიღეთ, დღეში ასჯერ მირეკავდა – რაში დაგეხმაროთ, რა გავაკეთო, სად გჭირდებითო?დღეს, შუახევის ყველაზე მაღალ სოფელში რომ ახვიდეთ, ნახავთ როგორ არის ყველაფერი მოწყობილი. ასეთი უნდა იყოს ყველა ჩინოვნიკი რეგიონებში, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, რადიკალურად შეიცვლება ვითარება", – განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

გარდა ამისა, დეველოპერი ელექტროგადამცემ ხაზებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"ყველაზე მთავარი, კიდევ რაც გვაქვს დეველოპერებს, ეს არის ელექტროგადამცემ ხაზებთან მიერთება. იცით, "ენერგო–პროსთან" რომ მიდიხართ, რა მიდგომა აქვთ – უნდა გაგარემონტებინოს მთელი სადგური. დღეს, როცა აღარც PPA (გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება) არის და ყველაფერი გაძვირდა, იქ, სადაც მეტნაკლებად სახელმწიფოს შეუძლია, გვერდით დაგვიდგეს, აქაც სფერო აბსოლუტურად მიგდებულია. ყველაზე ცუდი რაც არის, საერთაშორისო პროექტებით რა ელექტროგადამცემი ხაზებიც კეთდება, ესენიც კი ვერ გვეწევიან. მაგალითად, შუახევში 6–მეგავატიანი „ჩირუხიჰესი“ უნდა ავაშენოთ და იქიდან ამ სიმძლავრეს ვერ გავიტანთ, სანამ ტრანსფორმატორი არ იქნება შეცვლილი, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემამ უნდა გამოცვალოს. იგივეა ქვემო სვანეთში – სვანეთიდან ელექტროენერგიას ვერ გავიტანთ, სანამ ეს ხაზი არ აშენდება, რომელიც "ნამახვანის" პროექტთან დაკავშირებით იყო. ანუ სახელმწიფო ელექტროსისტემაც ბოლომდე უნდა იყოს მოტივირებული, რომ ინვესტორს კი არ ელოდოს, ჰესს როდის გააკეთებს და ააშენებს, არამედ ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს, რომ ინვესტორი უკვე მზად იყოს და ხედავდეს. ასე ერთმანეთს ველოდებით", – აღნიშნა მან.

სხდომის დასრულების შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიების ათვისებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს, კომიტეტი სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, საჯარო სექტორთან განიხილავს.