მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამერიკის შეერთებული შტატები თქვენ გვერდით იქნება“ - ინტერვიუ კელი დეგნანთან

64516206827bc
BM.GE
02.05.23 23:40
1278
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ესტუმრა. დაისვა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა, რაც მათშორის საქართველოს მომავალს და ევროპულ არჩევანს შეეხებოდა. საუბარი იყო, the power of no - სამიტთან დაკავშირებით, სადაც „თიბისიმ“ და Forbes Woman-მა 17 სპიკერი "არა"-ს ძალაზე სასაუბროდ შეკრიბა.

ინტერვიუს პირველი კითხვაც სწორედ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას შეეხებოდა:

- ქალბატონო ელჩო, მოგესალმებით. ამ ინტერვიუზე მყოფები ერთმანეთს ბოლოს Forbes Woman-ის მიერ ორგანიზებულ ქალთა სამიტზე შევხვდით – არა–ს ძალა – როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, რომ ეს ხმები მუდმივად ისმოდეს?

-დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენთან საუბრის შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, შაბათს არაჩვეულებრივი პროგრამის მონაწილეები გავხდით – პოზიტიური ენერგიით და ამასთან, გამოცდილების გაზიარებით, რაც ჩემი აზრით მამოტივირებელი ფაქტორია ძალიან ბევრი ადამიანისთვის იმის მიუხედავად, თუ კარიერული განვითარების რა ეტაპზე არიან თავად. ვფიქრობ, ძალიან ღირებულია იმის მოსმენა, თუ როგორ გაართვა თავი სხვამ გამოწვევებს, როგორ გარდაქმნა ეს გამოწვევები პოზიტიურ მოტივაციად, რომ წინ წასულიყო. იქაც ვთქვი, რომ ეს არის ძალაუფლება არა გარდაქმნა კი–დ, საკუთარი პიროვნული განვითარებისთვის, თუ ბიზნესისთვის თუ რაც უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ ქსელის გაფართოება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ვფიქრობ, სწორედ ეს შეუძლია ფორბსს თუ სხვა საერთაშორისო მედიას რომ გლობალური მასშტაბი მიანიჭოს ამ ტიპის კავშირებს. იმედი მაქვს, რომ ყოველ ჯერზე ეს შეხვედრები უფრო შერეულ ხასიათს მიიღებს. ამ ტიპის კონფერენციებს დაესწრებიან ქალებიც და კაცებიც. ზოგჯერ მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა განიხილონ თავიანთი გამოწვევები და შეაფასონ რა ეტაპზე არიან მათი გადაჭრის გზაზე, თუმცა ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კაცებმაც გააანალიზონ, რამდენად სასარგებლოა მათთვის, ვთქვათ, იგივე კომპანიაში შერეულ გუნდებად მუშაობა, მენეჯმენტის დაბალანსება, მათაც გაიგონ – რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული მრავალფეროვნება. ვფიქრობ, ეს დისკუსიას შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო მეტად გაამდიდრებს.

-იმედი დავიტოვოთ მაშინ, რომ კაცებიც იყიდიან ბილეთებს და დაესწრებიან კონფერენციას.

-ვურჩიე მონაწილეებს, კაცებიც წამოიყვანეთ–მეთქი. ვფიქრობ, ეს კარგი გზაა კაცების ჩართულობის გასაზრდელად – მეგობრები, რომლებიც მეგობრებს მხარს უჭერენ.

-ქალბატონო ელჩო, ამავე ხაზს გავაგრძელებ თქვენის ნებართვით ცოტა სხვა კონტექსტში. ბოლო პერიოდში როდესაც ყველაზე მკაფიოდ ვიხილეთ არა–ს ძალა, ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, როდესაც მათ ძალიან ხმამაღალი არა უთხრეს კანონს ე.წ. აგენტების შესახებ, რასაც ქართველმა ხალხმა რუსული კანონი უწოდა. მაშინ თქვენ თქვით, რომ ეს იყო შავი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს არ არის ტიპური განცხადება დიპლომატისგან – ყოველ შემთხვევაში, რასაც ჩემი გამოცდილებით ვაკვირდები – რატომ გადაწყვიტეთ, რომ სათქმელი იმ დღეს სრულიად პირდაპირ უნდა გეთქვათ?

-ჩვენ ვნახეთ მსგავსი კანონის გავლენა რუსეთში. რა მძიმე შედეგები მოუტანა ამ კანონის მოქმედებამ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებას. ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ დემოკრატიის მშენებლობას, ინსტიტუტების გაძლიერებას, მაგრამ ასევე – მედიის მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაფართოებას, უმცირესობების უფლებების დაცვას – ყველა ეს ორგანიზაცია რუსეთში ან დაიხურა, ან იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ეს მოხდა სწორედ მსგავსი კანონის ზეგავლენით, რომელსაც აქ განიხილავდნენ. ვფიქრობ, სწორედ ამის გაცნობიერებამ გამოაღვიძა საზოგადოებაც. ქართველი ხალხი მიხვდა, რა ტიპის რისკებს წარმოშობდა ეს კანონი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მქონდა პრივილეგია, შემომევლო ეს ქვეყანა და ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას შევხვედროდი – ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შრომობენ იმისთვის, რომ გააუმჯობესონ თავიანთი თემი, დაეხმარონ ხელმოკლე ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ეძებენ იმ შესაძლებლობებს, რაც მათ მომავლისკენ გზას გაუხსნის. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ მათ შორის, ფერმერთა ასოციაციებს, სოფლის მეურნეობის კოოპერატივებს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს იმისთვის, რომ გაზარდონ ქვეყნის მედეგობა კრიზისების მიმართ, მოახდინონ ბაზრების დივერსიფიცირება – ყველა ეს ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის და მისი სიძლიერისთვის. ამ ტიპის ორგანიზაციების რისკის ქვეშ დაყენება კრემლის ინსპირაციით ჩამოყალიბებული კანონის საფუძველზე არანაირ მიზანს არ ემსახურებოდა. დიდ შეშფოთებას აღძრავდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ არა მხოლოდ იქ – შეშფოთდა თავად საქართველოს მოსახლეობა. ეს დავინახეთ, როცა 100 ათასზე მეტი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში იმისთვის რომ ეთქვა – ჩვენ ეს არ გვჭირდება! ჩვენ გვინდა ევროპა! ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, სადაც ჩვენი თავისუფლებები და დემოკრატია დაცულია. ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო. ეს იყო შესანიშნავი დღე საქართველოსთვის.

- არა–ს ძალა, რომელიც გარდაიქმნა კი–დ.

-დიახ, ზუსტად ასეა!

-ყველა ჩვენსავით აღფრთოვანებით არ შეხვდა ამ პროტესტის შედეგს. ზოგმა თქვა, რომ ამ წინააღმდეგობით პოლარიზაცია გაღრმავდა. ვფიქრობ, უკეთ უნდა ავხსნათ, რას ნიშნავს დე–პოლარიზაცია – წითელი ხაზების დავიწყებას? მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რადგან მჯერა, როცა ადამიანებს ესმით ტერმინების შინაარსი, უკეთ ხვდებიან, რა არის სწორი ქმედება.

-ეს კარგი აქცენტია.დე–პოლარიზაცია გამოწვევაა, რომელიც დღეს ბევრი ქვეყნის წინაშე იჩენს თავს სხვადასხვა გზით. ყველა მოქალაქეს შეუძლია წვლილი შეიტანოს გარემოს დე–პოლარიზებაში. ქვეყანა უნდა გაერთიანდეს – მათ შორის, მედიაც. მედიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი - ახალი ამბები გააშუქოს სიზუსტის და ბალანსის დაცვით. რასაც მე ვაკვირდები, საქართველოში ეს საკმაოდ რთულდება. ეს იწვევს დაბნეულობას, დაყოფას და ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციით სარგებლობს – რუსეთია. რუსეთს სურს სუსტი, დაყოფილი საქართველო. საქართველოს საუკუნეების გამოცდილება დაუგროვდა, როგორ იყენებს რუსეთი ყველა შესაძლო გზას იმისთვის, რომ ის მოწყვიტოს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს და რაც ყველაზე მთავარია, წაართვას ძალა, რომელიც ერთობით მიიღწევა. ეს არის თქვენი მთავარი დევიზი. მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს მკაფიო გზამკვლევი 12 წინაპირობის სახით. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ნაწილია – მათ არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული. ეს არის გზამკვლევი და ყველა ნაბიჯი ამ გზაზე გულისხმობს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ეკონომიკის გაძლიერებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და მოსახლეობის საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას – გაერთიანებას ევროპული მომავლის ირგვლივ.

-იმისთვის, რომ ეს პირობები შესრულდეს საქართველო უნდა იყოს მდიდარი ქვეყანა. ამ 30 წლის მანძილზე ამერიკა საქართველოს ამ მიმართულებითაც აკვირდებოდა. ჩვენ მეტი გვინდა, უფრო სწრაფი ტემპი. როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ?

-გეთანხმებით, რომ ეს გამოწვევაა. მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რამხელა პროგრესი განიცადა საქართველომ ამ 30 წლის მანძილზე. ამას საქართველოს მოქალაქეების დიდი მონდომება და ძალისხმევა დასჭირდა. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი. ამერიკა ამ გზაზე საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია. უკეთესი უსაფრთხოება, უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი დემოკრატია – ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის საქართველოს წარმატების , სტაბილურობის ფორმულა. ჩვენ ვპარტნიორობთ საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამაც გვაქვს ამ მიმართულებით – ორშაბათს ჩაეშვა უნარების კვირეული – აქ ამერიკა საქართველოს მთავრობის პარტნიორია. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ სტუდენტები შეიარაღებულები იყვნენ იმ უნარებით, რაც მათ სამომავლო დასაქმებისთვის გამოადგებათ – მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების მოსაპოვებლად – იმისთვის, რომ ფინანსურად უზრუნველყონ თავიანთი ოჯახები და კარიერული კმაყოფილებაც იგრძნონ. განათლების სამინისტროს მხარს ვუჭერთ როგორც სასკოლო განათლების მიმართულებით – მაგალითად, კრიტიკული აზროვნების თუ ინგლისური ენის უნარების განვითარების მხარდაჭერით – იმ ტიპის უნარების მხარდაჭერით, რაც მოსწავლეებს გზას გაუხსნის დასაქმებისკენ – ასევე, იქნება ეს პროფესიული თუ უმაღლესი განათლების გავლით. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს ეკონომიკური მომავლის მიმართ. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა იყო. ნაწილის მიზეზი ნამდვილად იყო ომის გავლენა - ძირითადად გადმორიცხვების ზრდით რუსეთის ომის ფონზე უკრაინაში, თუმცა – ნაწილი სწორი ფისკალური და მონეტარული მენეჯმენტის შედეგია ეროვნული ბანკის მხრიდან, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკის ეს კარგი მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვაკვირდებით ისეთი ორგანიზაციების როლსაც - როგორიცაა, მაგალითად, ამერიკის სავაჭრო პალატა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში პოზიტიური ბიზნესგარემოს განვითარებაში. კიდევ ერთხელ – ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ასპექტი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაში.

- თუმცა, ქალბატონო ელჩო, მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა – მათ შორის, ეკონომიკურად – სერიოზული გამოწვევაა, რაც ამ საშინელი ომის გვერდითი ეფექტი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის. საქართველოს თითქმის ყველა სტრატეგიული პარტნიორი – მათ შორის, ამერიკის მაღალჩინოსნებიც, ვისთანაც ბოლო პერიოდში ინტერვიუ მქონია – საქართველოს შესაძლო დამოკიდებულებას რუსეთზე სერიოზულ რისკად მიიჩნევენ – თქვენი შეფასება როგორია?

-გეთანხმებით. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს ძალიან დიდი ენერგია და ძალისხმევა აქვს ინვესტირებული ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. ქართული პროდუქტებისთვის ახალი ბაზრების მოძიების მიმართულებით – სადაც ქართველი მწარმოებლები რიგ შემთხვევებში უფრო ძვირადაც ყიდიან საკუთარ პროდუქციას, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მათ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობა ექმნებათ. რუსეთთან ვაჭრობის ელიმინაცია ვერ მოხდება, ამას თქვენგან არავინ ითხოვს, რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია მაგრამ საქართველომ ისტორიულად იცის, რომ რუსეთმა შეიძლება ეკონომიკური დამოკიდებულება პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს. ამიტომ ის რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია – მოიძია სტაბილური და მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრები – აისახა კიდეც რუსეთზე დამოკიდებულების თვალსაზრისით, 2022 წელს ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირებული იყო. ეს საკმაოდ საგულისხმო მონაცემია. ფოკუსირება და კონცენტრაციაა საჭირო იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეს ტენდენცია – ახალი ბაზრების მოძიების ტენდენცია. მაგრამ 100%–ით საქართველოს ინტერესშია, რომ შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის თუ სხვა სექტორებში. შესაძლოა, უფრო ადვილია რუსეთის ბაზარზე გასვლა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი არჩევანი. ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს დივერსიფიკაციის ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მოქნილი თავის გადაწყვეტილებებში და არ იყოს ვაჭრობის გზით რუსეთის პოლიტიკური გავლენების მძევალი.


-ქალბატონო ელჩო, ბაზრების დივერსიფიკაცია ახსენეთ. აქ მთავარი კითხვაა – რომელი ბაზრები – ამ კამპანიას ვიწყებთ ახლა იუესეიდთან ერთად.

-მაგარია. ძალიან მაგარია.

-მახსოვს, კახა ბენდუქიძემ თქვა ერთხელ – დაივიწყეთ რომ ჩრდილოეთით რუსეთია და წარმოიდგინეთ, რომ იქ ზღვაა. დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე გამახსენდა. იქნებ, ერთხელ ასეც მოვიქცეთ. რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ბატონმა ვენკატარამანმა ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ დაიწყეთ ნაბიჯების გადადგმა 12 წინაპირობის შესრულების მიმართულებით და თქვენ დაინახავთ, როგორ გაიზრდება ამერიკული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ – თქვენც ხედავთ ამ პირდაპირ კავშირს?

-ნამდვილად. 12 წინაპირობა, ასოცირების შეთანხმება – ეს ყველაფერი მკაფიო გზამკვლევია. მიჰყევით ამ ნაბიჯებს. ამით საქართველო გაიხსნება გაცილებით მეტი შესაძლებლობისთვის. ეს ბეჭდით გამყარებული დასტურია თუ ევროინტეგრაციის გზას ადგახარ – ადამიანები ამბობენ, აჰა, მათ აქვთ გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, რომელიც რეალურ კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს; რომელიც ქმნის თამაშის თანასწორ პირობებს ბიზნესისთვის; ისინი პასუხისმგებლობას იღებენ დემოკრატიის მშენებლობაზე; ისინი პასუხისმგებლობას იღებენ იმ ტიპის თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, რაც სჭირდება სტაბილურ, ფუნქციურ და განვითარებულ ეკონომიკას .. ამდენად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი – ეს მოკლე გზაა იმისკენ, რომ ადამიანები დარწმუნდნენ – საქართველო სწორ გზაზე დგას. ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რას მოუტანს ეს უშუალოდ მათ – როგორ გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს საქართველოს ევროპული მომავლის გზა. ეს არ არის მხოლოდ ის პროგრამები, რაზეც მათ მიუწვდებათ ხელი ევროკავშირის გავლით – ეს კავშირებია ევროპასთან, ევროპელებთან. ეს საუკუნეების განმავლობაში ასე იყო – საქართველოს გეზი ყოველთვის ევროპისკენ იყო; ის ყოველთვის ინარჩუნებდა კავშირებს ევროპასთან და ეს იყო არა მხოლოდ ბიზნესის განვითარების, არამედ საგანმანათლებლო გაცვლის, კვლევითი გაცვლის წყარო – აი, აქ უნდა ეთქმოდეს საქართველოს, რომ მსოფლიო ძალიან პატარაა – უფრო მეტად ინტეგრირებული უნდა იყოს ევროპაში. როგორც სხვა ქვეყნების მაგალითებზე ვაკვირდებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანდნენ ან ამ გზაზე დგანან, ისინი უფრო სტაბილურები არიან, მათი მშპ იზრდება, იზრდება კეთილდღეობა საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის – ასეთი სარგებელი არსებობს, განათლებაში, უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში – ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საქართველო მიილტვის და მუშაობს. კეთილდღეობა მოდის ევროპასთან ინტეგრაციის გზით და ნატო–სთან, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება.

- გლობალური პანდემიის შემდეგ, მსოფლიოს კიდევ ერთი პანდემია დაატყდა თავს – ომი. ქალბატონო ელჩო, ამან ეკონომიკაში ახალი რეალობა შემოიტანა – სანქციების რეალობა. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, სანქციები ომის გამო. ისიც გვესმის, რომ ამ სანქციების შესრულება საკმაოდ რთული საქმეა – განსაკუთრებით საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ეს ყოველთვის აჩენს გარკვეულ ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საქართველო შეიძლება გამოყენებულ იქნეს სანქციების თავის არიდებისთვის. ამასთან, ამერიკა ყოველთვის უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სანქციებს საქართველო არ არღვევს. თუ არსებობს რაიმე ტიპის რეცეპტი, როგორ შეუძლია საქართველომ თავი აარიდოს ასეთ ეჭვებს და როგორ ეხმარება ამერიკა საქართველოს ამ ნაწილში?

-აქ შემოდის ის გრძელვადიანი თანამშრომლობა და პარტნიორობა, რაც ამერიკას საქართველოსთან აკავშირებს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო ძალებთან – სახელმწიფო სააგენტოების უმრავლესობასთან – უკვე წლების განმავლობაში ტრენინგების, თანამედროვე აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით რომ დავეხმაროთ საქართველოს იცოდეს რა შემოდის და გადის მის საზღვარზე. ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის გადადგმული ნაბიჯია. დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო დიდი მასშტაბის მქონე გამოწვევა – შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა, რომელზეც დამოკიდებულია ის, თუ როგორ გაგრძელდება ეს ომი. სანქციები საკვანძო კომპონენტია იმისთვის, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შეწყდეს. ხელი შევუშალოთ რუსეთს, რომ შეივსოს თავისი სამხედრო მარაგები – ჩვენ ვხედავთ რა მიზნებისთვის იყენებენ ისინი საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს – მობილურებს, სარეცხ მანქანებს იმისთვის, რომ მიიღონ ის კომპონენტები სანქციებისთვის თავის არიდების გზით რაც სჭირდებათ ჭურვების დასამზადებლად, რომლებსაც შემდეგ რუსეთი სკოლების, ბაღების, საცხოვრებელი სახლების დასაბომბად იყენებს. ამდენად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ ადამიანების სიცოცხლეებზე ვსაუბრობთ. მადლიერები ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობის რაც საქართველოს მთავრობასთან გვქონია იმიტომ რომ მათაც ესმით რა დევს სასწორის პინაზე. უკრაინელების სიცოცხლე მაგრამ ასევე ის საფრთხე რასთან ერთადაც თქვენ სულ გიწევთ ცხოვრება – რაც თქვენ გამოიარეთ 2008 წელს და მანამდეც – რუსეთის შემოჭრით თქვენს ქვეყანაში, როცა რუსეთი შეეცადა წაეღო თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი იდენტობა. ამდენად, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას – მათ, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ესმით, რომ საქართველო არ უნდა გახდეს იმ პროცესის ნაწილი, რაც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს ეს ომი უკრაინასთან. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური თემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდრო კოორდინაცია, უკეთესი კომუნიკაცია – იმისთვის, რომ მკაფიო სურათი დავინახოთ რეგიონის დონეზე, რა ივაჭრება საზღვრებზე და როგორ არიდებს თავს რუსეთი ექსპორტის კონტროლს და სანქციებს. ვფიქრობ, ეს მჭიდრო კოორდინაცია გაგრძელდება – გასულ კვირას ბათუმში გვქონდა აღჭურვილობის დონაცია საბაჟოსთვის; ახლახან ჩავუშვით საზღვაო კუთხით ერთი ფანჯრის პრინციპის პროექტი – ეს გააუმჯობესებს საქართველოს პორტების ოპერატორების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, რა შემოდის და გადის ზღვის გავლით და უფრო გაადვილდება კონტეინერების კვალის მიყოლა. ეს ყველაფერი ნამდვილი პროგრესია.

-იცით, რა იყო ბოლო ჭორი რაც მოვისმინეთ საქართველოს მხრიდან სანქციების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით? რომ საავიაციო ნაწილების აწყობა თითქოს გამოიყენება რუსეთის სასარგებლოდ მაშინ, როცა გაირკვა, რომ კონტრაქტორი ამ ნაწილში უკრაინული მხარეა.

-გამოდის, ამით საქართველო უკრაინას ეხმარება.

-არადა, ხმები ვრცელდება, რომ პირიქით – საქართველო რუსეთს ეხმარება.

-იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება.

- არა, ეს ასე არაა.

- ქალბატონო ელჩო, თქვენ ახსენეთ კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა. იქნებ ერთი მიზეზი, რატომაც საქართველოს მეზობლობა რუსეთთან შეიძლება აღქმული იყოს როგორც რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების შესაძლებლობა იმიტომაც დაიშვება, რომ მთავრობის კომუნიკაცია ამ ნაწილში თანმიმდევრული არ არის. ზოგჯერ, კოგნიტური დისონანსი მემართება, როდესაც ერთი მხრივ მესმის, რომ დასავლეთს ჩვენი ომში ჩათრევა უნდა, ხოლო მეორე მხრივ – მზად არის ისეთი გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის საქართველოსთან, როგორსაც მაგალითად შავი ზღვის კაბელის პროექტი ითვალისწინებს. ამას ემატება ის გამოცდილებაც, რაც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებთან მიმართებით დაგვიგროვდა – მაგალითად – ანაკლიის პორტისა და ქალაქის პროექტი – რომელსაც ერთხელ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა უწოდეთ და ეს ფრაზა ძალიან დამამახსოვრდა. იქნებ სწორედ ეს კომუნიკაციაა ამ ეჭვების მიზეზი – როცა მთავრობა ხან ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციების რუსეთის წინააღმდეგ არ უერთდება, ხან კი ამბობს, რომ პირნათლად იცავს...

-კოგნიტური დისონანსი ზედგამოჭრილი ტერმინია – ზუსტად ამის მიღწევა სურს პროპაგანდას, რომელიც დღეს საქართველოს ბომბავს. უნდა შემოიტანოს დაბნეულობა, გაფანტოს ყურადღება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერ გაარკვიონ, რა არის სიმართლე. ვერ გაარჩიონ ერთმანეთისგან ჭორი და მართალი, დეზინფორმაცია, რომელსაც წალეკილი აქვს დღეს საზოგადოება. ვიცი, რომ ამას რუსებისგან ქართველები ბევრი წლის განმავლობაში მიჩვეულები არიან. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ინტენსიურია. ბუნებრივია, რომ რუსეთს უნდა საქართველო სუსტი იხილოს, დაყოფილი და ერთმანეთთან მოჩხუბარი. სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადღება მედიის როლზე, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ზუსტი, დაბალანსებული ინფორმაცია, რაც დღეს ასე სჭირდებათ და სურთ ადამიანებს. მათ სჭირდებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ იქცევა მათი ქვეყანა, რა როლს თამაშობს. ყველას ესმის როგორ ვითარებაშია დღეს საქართველო, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთი მუდმივად ახდენს ზეწოლას საქართველოზე, რომ მას ჩაუნერგოს შიშის განცდა და შემოიტანოს დაბნეულობა ქვეყანაში. არავინ ელოდება, რომ საქართველო იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე თავს კომფორტულად გრძნობს, რომ გააკეთოს. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ რთულ ვითარებაში ხართ. და რასაც საქართველო აკეთებს – კიდევ ერთხელ ვიტყვი – ძალიან დაფასებულია. მუდმივი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოქალაქეებმა გაარჩიონ სიმართლე მთელი იმ პროპაგანდიდან, რომელიც უწყვეტად და ულმობლად მიიმართება მათ წინააღმდეგ. ეს უმნიშვნელოვანესია.

- ერთი რჩევა, რასაც თქვენი გამოცდილებიდან დაუტოვებდით ახალ ელჩს. უნდა ვთქვათ, რომ თქვენ ძალიან რთულ ვითარებაში იყავით ჩვენს ქვეყანაში ელჩი – ქვეყანაში, რომელიც ამ ომის ფონზე, მაინც ცენტრში ექცევა, უნდა ეს მას თუ არა ...

-ელენე, ეს ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იყო. საქართველო გამაოგნებელი ქვეყანაა. მაშინაც კი, როცა მხოლოდ წარსულს უყურებ. მაგრამ როცა ხედავ, სად არის დღეს საქართველო – შესაძლებლობები, რომლებიც ამ ქვეყნისთვის იხსნება და ის მზაობა, ის შეუპოვრობა, რომელსაც ქართველი ხალხი ავლენს რომ მიაღწიოს ევროპულ მომავალს რომელსაც თქვენ საუკუნეების მანძილზე აშენებდით – ეს ძალიან ამაღელვებელია. აქ ჩემი საქმიანობის საუკეთესო ნაწილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა და ამ ენერგიის შეგრძნება, მათი პასუხისმგებლობის განცდა რომ წინ წაიყვანონ საკუთარი ქვეყანა ევროპული მომავლისკენ. ინიციატივები, კრეატიულობა და მტკიცე ნებისყოფა რომ მიაღწევთ ამ მიზანს – უსაფრთხო, კეთილდღეობით აღსავსე, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობას, რომელიც სრულადაა ინტეგრირებული ევროპულ ოჯახში. იმდენად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ქვეყნის მომავლის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატებით თქვენს გვერდით იქნება ისევ – როგორც ეს იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში – მომავალშიც, მომავალი წლების განმავლობაშიც ასე იქნება თქვენი ნაბიჯების პარალელურად. ვიცით, რომ ეს რთული რეფორმებია, რთული პროცესებია, პროცედურებია და ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რომ მხარი დაგიჭიროთ – გვინდა, ვნახოთ საქართველოს წარმატება. ეს იქნება საუკეთესო საჩუქარი, რაც შეიძლება ჩვენ მივიღოთ.

-ვფიქრობ, ეს საუკეთესო დასასრული შეიძლება იყოს ჩვენი ინტერვიუსი, მაგრამ, როგორც ვთქვი, მაინც დავსვამ ერთ შეკითხვას. ქალბატონო ელჩო, რას დაასახელებდით თქვენს მთავარ წარუმატებლობად და მთავარ მიღწევად და ცოტა რამ გვითხარით ახალი ელჩის შესახებაც.

-სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი მეტად შემემცირებინა პოლარიზაცია. იყო დრო, როცა უფრო იმედიანად ვიყავი ამ ნაწილში – განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური ძალები თითქოს ცდილობდნენ, გადაელახათ თავიანთი წინააღმდეგობები იმისთვის, რომ ერთად მუშაობა შესძლებოდათ. ეს რეფლექსიური ბოიკოტირება პარლამენტის – ხან ერთი, ხან მეორე მიზეზით – იმედი მაქვს, საქართველო ამას გასცდება, რადგან პარლამენტის არსია, რომ ერთად შეკრიბოს პარტიები, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. პარლამენტის არსი არ არის, რომ ყველას ერთი და იგივე შეხედულება ჰქონდეს. ეს ის ადგილია, სადაც თავი უნდა მოიყაროს საქართველოს განსხვავებულმა ხმებმა. სადაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს, სადაც უნდა თანხმდებოდნენ იმაზე, რა არის საქართველოსთვის საუკეთესო. ამდენად, იმედგაცრუებული ვარ, რომ პოლარიზაციის მაღალი ხარისხი რჩება და რომ ის მექანიზმები, რომლებიც საქართველომ შეიმუშავა წლების განმავლობაში, სრულად დანერგილი და გამოყენებული არ არის. რაც შეეხება ჩემს პერსონალურ წარმატებას, განცდა, რომ ამ ქვეყანას ვერაფერი შეაჩერებს რომ ამ ხალხს ვერავინ შეაჩერებს რადგან მათ აქვთ მიზანი რომ მიაღწიონ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნისთვის დასახეს – უსაფრთხოება, კეთილდღეობით აღსავსე დემოკრატია ევროპაში. დიდი ენთუზიაზმით დავაკვირდები საქართველოს ამ გზაზე. ამერიკა თქვენს გვერდით იქნება – ვიქნები ეს მე, თუ შემდეგი ელჩი, რომელიც საქართველოს ძალისხმევას ბოლომდე დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ელჩობის კანდიდატს ქალბატონ დანიგანს – ის ჩვენი ერთ–ერთი გამორჩეული დიპლომატია, ძალიან გამოცდილია, მას დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სექტორში – რაც გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას საქართველოსთან ამ ნაწილშიც – განახლებადი ენერგიების მიმართულებით, ენერგოეფექტურობის მიმართულებით და ასევე ამ კუთხით საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით. მგონია, რომ ჩვენს ერთ–ერთ საუკეთესო დიპლომატს მიიღებთ ელჩად. დარწმუნებული ვარ, რომ მასაც საუკეთესო გამოცდილება ელოდება აქ – ისევე, როგორც ეს იყო ჩემს შემთხვევაში.