12.სექტემბერი .2019 10:32

"ამერიკულ კომპანიებს დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა პოლიტიკურად მნიშვნელოვანია"

views 217
უკან

"ვფიქრობთ, ამერიკის ბაზრის ორ ლიდერ საავიაციო კომპანიას დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ფრენები პოლიტიკურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც ძალიან მიმზიდველი და მომგებიანი იქნება კომერციულად, რომ შემოვიდნენ საქართველოში, რადგან ჩვენ ნამდვილად ვართ ლოგისტიკური რეგიონული ჰაბი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ში იმყოფება.

აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების - Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დაანონსა.

როგორც მაშინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია. ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთის მხრივ, იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხოლო მეორეს მხრივ, ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ-ში საქართველოს საელჩომ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა