მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამიერიდან მოსახლეობის დამყოლობის გაზრდა რთული იქნება“ - ჯანდაცვის სპეციალისტი ჯარიმების ჩამოწერას აფასებს

60d467615ca27
ინგა მურუსიძე
24.06.21 22:40
531
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააჟღერა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი მიიჩნევს, რომ საფუძველი არ ჩანს, თუ რის გამო იქნა ეს გადაწყვეტილებები მიღებული.

„არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია იმ ჯარიმების ამოღება, ეგ კიდევ სხვა საკითხია. მაგ თვალსაზრისით, გაუქმდება თუ არა, ალბათ მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ როცა ადამიანებმა იციან, რომ დაწესებული რეგულაციების შესრულება კონტროლდება, გაცილებით ყურადღებით არიან.

ახლა მთლიანად ვრჩებით მოქალაქეების თვითშეგნების იმედზე, რომლებიც ძალიან დაღლილი არიან ამ პირობებში ცხოვრებით და გარდა მუდმივი შეზღუდვების, მორიგი ტალღის მოლოდინის შიშში ცხოვრებისა, სულ უფრო რთული ხდება რაღაც ლოგიკის დანახვა. ეს იწვევს მოსახლეობის ფრუსტრაციას და ამის იქით, რაც არ უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, დამყოლობის გაზრდა რთული იქნება“, - განაცხადა ჩხატარაშვილმა BM.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, აცრილია მოსახლეობის 2%, თან მეოთხე ტალღას ველოდებით და თან იხსნება შეზღუდვები, არსებულ ჯარიმებზე კი ამნისტიას ვაცხადებთ - ეს ყველაფერი არალოგიკურია.

„საფრთხე ნამდვილად არის, გავხსენით საზღვრები, ვემზადებით ტურისტული სეზონისთვის, ვაქცინაციის პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. რეალობა გვაქვს ასეთი: 2-3 კვირაში ვისაუბროთ ეპიდვითარებაზე“, - ამბობს ჩხატარაშვილი.