მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამჟამინდელი დატვირთვა 2019 წლის მაჩვენებლის 25%-ია... ვფიქრობ, გადავრჩებით“ – WST

60a511ae2d859
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.21 10:10
1072
ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi-ს (WST) დამფუძნებელ გერმანე ჭელიძეს 2021 წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს და ამბობს, რომ ეს ზაფხული დარგის გადარჩენის პერიოდი იქნება. ამ პროგნოზების გაკეთების საშუალებას კი მას საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა და დუბაიში საერთაშორისო გამოფენაზე მიღებული შთაბეჭდილებები აძლევს.

BM.GE-სთან საუბრისას WST-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამჟამინდელი დატვირთვა 2019 წლის მაჩვენებლებს ვერ შეედრება, თუმცა კომპანია პანდემიის პერიოდში დამაკმაყოფილებლად მუშაობს.

„ზაფხულის ტურისტულ სურათს პოზიტიურად ვუყურებთ, რადგან ტურიზმი აღდგენას იწყებს. მაისის დასაწყისში დსთ-ის და არაბული ქვეყნებიდან იმდენად დიდი დატვირთვა იყო, რომ ამ პერიოდმა პანდემიამდელი ზაფხული გაგვახსენა. გიდები გვეუბნებოდნენ, რომ რაოდენობას და ზარებს ვერ ემსახურებდონენ.

ყველაზე დიდი რაოდენობის სტუმარი დღეს არაბული ქვეყნებიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან გვყავს“, - აცხადებს გერმანე ჭელიძე.

მისი თქმით, კომპანია დუბაიში მიმდინარე ტურისტული გამოფენიდან Arabian Travel Market-დან ახალი დაბრუნებულია, სადაც საქართველოს მიმართ ინტერესი დიდი იყო.

„ახლახან ჩამოვედი დუბაიდან, სადაც რეალური ტურისტული გამოფენა მიმდინარეობდა და არა ონლაინ. გამოფენაზე საქართველოდან 7 ტურისტული კომპანია იყო და ჩვენს სტენდზე ძალიან დიდი შემოტევა იყო იმ გაგებით, რომ ხალხი ინტერესდებოდა საქართველოთი და უნდოდა აქ მოგზაურობა. დუბაიდან საქართველოს ბაზარზე ახალი შემოსული ავიაკომპანია Flynas-ით დავბრუნდით და თვითმფრინავის 70%-ი სავსე იყო, მგზავრების 80% კი ტურისტები იყვნენ. ეს საკმაოდ დადებით მოლოდინებს გვიჩენს. გამოფენაზე ისეთი მუხტი იყო, რომ ვფიქრობ გადავრჩებით“, - აღნიშნავს ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.

გერმანე ჭელიძე კომენდანტის 2 საათით 23:00 საათამდე გადაწევას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს მისაღებია როგორც ტურისტებისთვის, ასევე კომპანიისთვის.

„კომენდანტის საათის გადაწევა ჩვენთვის მომსახურების ნაწილში ძალიან ხელშემწყობი პირობაა, რადგან ჩვენი მომხმარებლები ვერ ასწრებდნენ ვერც ჭამას, ვერც დათვალიერებას, ჩვენ ვასწავლიდით როგორ გადმოეტვირთათ მიტანის აპლიკაცია და შეეკვეთათ სახლში მისვლის შემდეგ ვახშამი. ხშირ შემთხვევაში რეგიონში გასვლითი ტურებიც ვერ ესწრებოდა, დღეს კი 23:00 საათამდე გადაწეული კომენდანტის საათის პირობებში, მოგზაურები ყველაფერს ასწრებენ და კმაყოფილები რჩებიან“, - უთხრა BM.GE-ის ტურისტული კომპანიის ხელმღვანელმა.