მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამწე იქნება ჩვენი და ფულს ჩავიდებთ ჯიბეშიო“ - დეპუტატი ანაკლიის კონსორციუმს აკრიტიკებს

628f7542eeb7a
თელარა გელანტია
26.05.22 17:02
4490
„სამწუხაროდ, დღემდე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ ბიზნესის კუთხით დაინტერესება იყო დაბალი“, - ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა პაატა კვიჟინაძე პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გააკრიტიკა.

ამასანთან, დეპუტატმა ის მიზეზები ჩამოთვალა, რაც მისი აზრით, საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავდა პროექტს, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა.

„ანაკლიის პორტი არაა არავის მოგონილი... არ ვიცი, სხვა რა სიტყვა ვთქვა. ეს პროექტი კომუნისტების დროიდან დაიწყო; კომუნისტებს ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული, მაგრამ მაშინ არ ჩაითვალა მიზანშეწონილად <განხორციელება>... შემდეგ ედუარდ შევარდნაძის დროსაც იყო, მიხეილ სააკაშვილის დროსაც და ჩვენ დროსაც. სამწუხაროდ, დღემდე 2022 წლამდე ამ პორტზე ბიზნესის კუთხით დაინტერესება იყო დაბალი. რატომ? - იმიტომ, რომ ბათუმის და ფოთის პორტები ნახევარი ძალით მუშაობდნენ და თუ ცოტა რეკონსტრუქციას გავუკეთებდით, <ტვირთების> გაოთხმაგება შეიძლებოდა და ამიტომ ვერ ხედავდნენ უცხოელი ინვესტორები, რომ ფული ჩაედოთ...

მაგრამ ახლა გაჩნდა შანსი, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ნამდვილი ინვესტორები შემოვიდნენ და არა ისეთი ინვესტორი, რომელსაც, შეიძლება ბევრს არც ახსოვს უკვე - იცით, რაზე იყო საუბარი? ზღვა უნდა მიგვეცა; ფული ჩვენ გადავიხადეთ და მიწები გამოვისყიდეთ, რკინიგზა და საავტომობილო გზა ჩვენ უნდა შეგვეყვანა, 100 მლნ ლარი უნდა გვესესხებინა და ბოლოს ისიც კი თქვეს, ტვირთები დაგვიზღვიეთო ანუ ტვირთებიც თქვენ მოიტანეთო ანუ ამწე იქნება ჩვენი და ფულს ჩავიდებთ ჯიბეშიო. ეს რანაირი ინვესტიციაა, გაუგებარია“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” პორტის მშენებლობა/ოპერირების ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა მთელმა რიგმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.