07.ოქტომბერი .2020 13:56

"ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალტულატორი აიღეთ" - პრემიერი ექიმ-პოლიტიკოსებს პასუხობს

views 3719
უკან

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 48 მილიონ ლარად "საწოლფონდს" დაიქირავებს. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება გამარტივებული შესყიდვის შესახებ, რაც კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში მთავრობის მიერ საწოლფონდის შეძენას უკავშირდება. განაცხადში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უთითებს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი ინფიცირების მაჩვენებელი გასცდა იმ რესურსს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მოქმედ დაწესებულებებშია, შესაბამისად უნდა განხორციელდეს გადაუდებელი შესყიდვა. ამ "საწოლფონდს" სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებიდან დაიქირავებს.

მთავრობის გადაწყვეტილებას 48 მილიონი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ დარგის ექსპერტები, რომელთა შორის არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვატო სურგულაძე ("ლელო"), ვახტანგ კალოიანი ("ევროპული საქართველო") და ა.შ.

კრიტიკას უპასუხა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. კერძოდ, ის დაინტერესდა, რომელ ექსპერტს მიაჩნია, რომ 48 მილიონ ლარად ერთი კლინიკის აშენებაც არის შესაძლებელი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ მოსაზრებას "სისულელე" უწოდა.

„ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნას, საავადმყოფოს აშენებას სჭირდება, დაახლოებით, 80 ათასიდან 120 ათას დოლარამდე. არ ვსაუბრობ რეანიმაციაზე. ქვეყანაში 500 საწოლი რომ შეიქმნას, ამას სჭირდება, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი დოლარი. რაღაცეებს ლაპარაკობენ... ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალტულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიყევით. ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს. ახალ წლამდე 5000 საწოლი ადგილი მუდმივ მზადყოფნაში გვექნება და ეს იქნება როგორც - სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში. თუკი რაოდენობა გაიზრდება, 5000 საწოლი მუდმივად თავისუფალი იქნება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით 5 ათას საწოლზეც გამოვაცხადებთ ტენდერს, შემდეგ ნაკლებზე და ა.შ. “- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი კრიტიკოსებს ვაი-ექსპერტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი ცდილობენ ეპიდემილოგიური, არაკომპეტენტური რჩევები „არჩევნების წინ პოლიტიკით, საარჩევნოდ დააკონვერტირონ“.

„ერთი რამ უნდა იცოდნენ ამ ვაი-ექსპერტებმა. ეს არის გლობალური პანდემია, ეს არ არის საქართველოს პრობლემა. მიეხმარეთ ქვეყანას რჩევით, რესურსით და გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე. პოლიტიკურად კონვერტირება ამ ყველაფრის, მხოლოდ იმის გამო, რომ შენ დეპუტატობა გინდა, ამორალურია“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა კრიტიკას იმის შესახებაც, რომ "საწოლფონდის არასწორი გადანაწილების გამო მძიმე პაციენტების აქეთ-იქით ტარება უწევთ".

„ქვეყანაში არსებობს კოვიდ ინფექცია, რომელიც ამძიმებს ხანდაზმულ პაციენტებს, შეიძლება ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიყვანოთ, რომ იქ უკეთესად მოხდეს დაავადების მართვა. თუ ვინმეს ასეთ მენეჯმენტში უნდა შესვლა, ამოგლეჯილი ფაქტებით კი არ უნდა ისაუბროს, ნება იბოძოს, მეტი წაიკითხოს, დრო დახარჯოს, ისწავლოს, მერე მოვიდეს და რჩევები მოგვცეს. აი, ჩვენ კარგი მასწავლებლები გვყავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა