14.მაისი .2020 12:24

"ანაკლიის კონსორციუმს შვიდჯერ გადავუწიეთ ვადა, მერვეჯერ ვეღარ ვენდობით"- თურნავა

views 701
უკან

"ვადები შვიდჯერ გადავუწიეთ, რათა ეს პროექტი დაეწყოთ და დაესრულებინათ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, რომ მერვეჯერ ვენდოთ კონსორციუმს,"- ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა BMG-ის კითხვას იმის თაობაზე,  მოხდება თუ არა სახელმწიფოს მიერ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ახალი წინადადების განხილვა.

გუშინ, კონსორციუმის CEO-მ ლევან ახვლედიანმა გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, რომ უმსხვილესი საპორტო პროექტის განხორციელების გაგრძელება ყველაზე მარტივად სწორედ კონსორციუმთან პარტნიორობით შეიძლება მოხდეს. ახვლედიანი ამბობს, რომ რეალურად პროექტის შემობრუნება შესაძლებელია თუ მთავრობა ამის ნებას გამოთქვამს. ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან არსებობს საკმაოდ დიდი დაინტერესება, რათა პორტი და მისი შემადგენელი თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნას.

“ყველაზე მოკლე გზა ამ პროექტის განსაახლებლად, გადის კონსორციუმზე. ჩვენ მზად ვართ, რესურსი, რომელიც ჩვენ მიერ იყო ამ პროექტში ინვესტირებული, ის არსად არ წასულა, $75 მილიონი უკვე ინვესტირებული არის, ბანკების წერილები $400 მილიონზე არის ძალაში, გენერალური კონტრაქტორის შეთანხმება სექტემბრამდე ძალაშია, ამწეებისა და სხვა მნიშვნელოვანი დანადგარების მომწოდებლების წინადადებებიც არის ძალაში. ამიტომ, ყველაზე იოლად ამ პროექტის განახლება და ამ შანსის გამოყენება შეიძლება ძალიან მარტივად, პოლიტიკური ნება თუ იქნება."- განაცხადა ახვლედიანმა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ეპიდემიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ, მთავრობა ახალ საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს.

"ჩვენ როგორც მოგვეცემა საშუალება ტენდერს გავმართავთ, რაღაც პერიოდი ეპიდემიამ შეგვიშალა ხელი, ისევე როგორც ყველას მსოფლიოში. მაგრამ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას საფინანსო ინსტიტუტებთან და ტენდერს აუცილებლად გავმართავთ. მინდა ვთქვა, რომ პოსტ-კოვიდ პერიოდში ამ მიზეზით რაც დავასახელეთ, ჩვენი ლოგისტიკური მდებარეობა არის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა თუ რატომ გადმოვლენ კომპანიები.

კონსორციუმს ჰქონდა მრავალი წლის მანძილზე, ძალიან კარგი შანსი ჩვენი მხარდაჭერა იმისთვის, რათა დადგენილ ვადებში, თანაც ეს ვადები შვიდჯერ გადავუწიეთ, ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, რომ მერვეჯერ ვენდოთ კონსორციუმს, ეს საკითხი დამთავრებულია,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” (ADC) დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად, 2020 წლის იანვარში მოშალა. ამის მიზეზად, კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს და სახელმწიფოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ჩაშლის და მუდმივი საბოტაჟირების მცდელობაში ადანაშაულებს.