მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა" - ბერიკაშვილი

63176f68cf617
ალა ისპირიანი
06.09.22 21:35
1045
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას საქართველოს ეკონომიკაზე, ჯერჯერობით, დადებითი შოკის ეფექტი მოჰყვა. საუბარია ქვეყანაში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, დაახლოებით, 90,000 მიგრანტის შემოდინებაზე, რამაც თავის მხრივ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები და ფულადი გზავნილები გაზარდა.

აღნიშნული მოკლევადიანი პოზიტიური შოკი, გრძელვადიან პერიოდში, როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მომავალზე რთული სათქმელია. თუმცა ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოკლევადიანი დადებითი შოკის გახანგრძლივება საქართველოს ლოჯისტიკური მიმართულების განვითარებით შეუძლია.

როგორც მან bm.ge-სთან განაცხადა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ლოგიკურ დროში განხორციელება ქვეყნის მოკლევადიანი დადებითი ეფექტის, გრძელვადიან პერიოდში გახანგრძლივების შანსია. 

„ბევრი რუსი შემოვიდა და აქ ფული დახარჯა ან გადმორიცხა, რამაც ფულადი გზავნილების ზრდასთან ერთად, ტურიზმის ზრდა განაპირობა, მაგრამ ეგ მოკლევადიანად კარგია. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი რუსულენოვანი ხალხის, მათ შორის, საქართველოში დაცვას აპირებს. ამას როგორ გამოიყენებს რუსეთი არ ვიცით და საკითხავია გვიღირს თუ არა ეს მოკლევადიანი პოზიტიური შოკი.

მიმდინარე ომის გამო, ასევე დერეფნები იცვლება და ამის გამოყენება შეგვიძლია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს როლი და საჭიროება გავაგრძელვადიანოთ. ჩვენი სატრანსპორტო ფუნქციის განვითარების შესაძლებლობა გვაქვს, რადგან რუსეთზე გავლა არავის აღარ ენდომება. თუ ამ მომენტს ჭკვიანურად გამოვიყენებთ, ამ მოკლევადიან ეფექტს გავაგრძელვადიანოთ“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი

მისი თმით, ახლა ან უახლოეს პერსპექტივაში, რომ საქართველოს ანაკლიის პორტის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდა, ქვეყანა წინ გრძელვადიანად წაიწევდა.

"დღეს, როცა ასეთი სიტუაციაა, შეიძლება რუსეთს ზოგიერთი სატრანსპორტო მიმართულება ასცდეს და საქართველოზე გაიაროს, ამიტომ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისათვის კი საჭიროა, რომ მაგალითად ავტობანს საუკუნე არ ვაშენებდეთ. დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ბევრი დიდი პრობლემაა. მაგალითად ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერება, ამ ეტაპზე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ამ კონტექსტშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის, რომ მსგავსი რამ ან დღეს ან უახლოეს პერსპექტივაში მაინც გვქონოდა. ყველაფერი ერთმანეთთან ბმაში და ეს დიდი ღრმაწყლოვანი პორტი მერე ინვესტიციებს წაახალისებს და ინვესტიციები მერე მართლა მდგრად ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას მოიტანს", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.