მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტს მთავრობასთან აფილირებული ბიზნესი განახორციელებს, ან საერთოდ არ განხორციელდება"

5e188f24d6c5d
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
10.01.20 19:20
1151
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ის მთავრობის მხრიდან "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტას ელოდა. 

ქობულიას თქმით, თავად ანაკლიის პროექტი "არ ვარგა", რადგანაც ის კომერციულად არამდგრადია, ამის მიზეზს კი ქობულიას თქმითვე წარმოადგენს გარემოება, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ღრმაწყლოვანი პორტისთვის საკმარისი მოცულობის ტვირთების გადატანა არ ხდება. 

გიორგი ქობულია ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში მაღალი ალბათობით ანაკლიის პორტი ან საერთოდ არ განხორციელდება ან მას მმართველ გუნდთან აფილირებული ბიზნესი განახორციელებს. 

"აქ არის ორი ვარიანტი, ერთი რა თქმა უნდა ამით პოპულისტობენ, ეშინიათ მათაც ამის თქმა. ალბათ ისინი გამოაცხადებენ ტენდერს, იქნება ეს ტენდერი რაღაც პერიოდის განმავლობაში და შემდეგ იტყვიან - “აი, ნახეთ როგორ ვცდილობდით, მაგრამ არ მოვიდნენ ინვესტორები.” 

ალბათ მართლაც ეგრე იქნება. ამაში ინვესტორი მომსვლელიც რომ იყოს, აქამდე მოვიდოდა უკვე კიდეც. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ უზარმაზარი სამუშაო გასწიეს, მთელი მსოფლიო მოირბინეს და მაგათზე უკეთეს პროექტს არავინ არ გააკეთებს. მათ თუ მართლა ვერ მოიზიდეს ინვესტორი, სხვებიც ვერ გააკეთებენ. 

მეორე ვარიანტი არის ის, რომ მთავრობას შეუძლია აიღოს და ჩაწეროს ისეთი პირობები და გასცეს გარანტიები, შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები და მაშინ მოაგებინონ ტენდერი და გააკეთონ სახელმწიფო დაფინანსებით. მგონია, რომ ეს არ გამოუვათ, რადგან ეს ძალიან გამჭვირვალე პროცესია და ამას დიდი არეულობა და ხალხის დიდი უკმაყოფილება მოყვება. ამას ამ შემთხვევაში არ იკადრებენ, მაგრამ სხვა შემთხვევაში მგონი იკადრებენ,"- ამბობს გიორგი ქობულია.