მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანბანის კოშკის" ინვესტორმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა

56e40600496fe
ელენე გოგბერაშვილი
12.03.16 10:50
1779
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ესპანურმა კომპანია "Boost Spain S.I."-მა წერილით მიმართა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ უწყებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული ჯარიმისაგან გათავისუფლება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის ვადის გაგრძელება სთხოვა. საუბარია ხელშეკრულების ახალ ვადებზე, რომლითაც კომპანია ანბანის კოშკის განათების და ლიფტების ექსპლუატაციაში გაშვებას 2016 წლის 31 მარტამდე, სფეროში დაგეგმილი ინფრასტრუქტურის მოწყობას კი 2016 წლის 31 მაისამდე განახორციელებს.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, უწყებამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის შეთანხმების აქტი გაფორმდება.

2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანია Boost Spain S.I. ვალდებული იყო ექსპლუატაციაში გაეშვა ლიფტები, გაემართა და აღედგინა განათების სისტემა, მოეწყო ქალაქის ხედების დასათვალიერებელი დურბინა და აემოქმედებინა მრავალფუნქციური ობიექტი (გასართობი ცენტრი, რესტორანი, ბარი და სხვა), თუმცა კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულებები არ შეუსრულებია.

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – "ანბანის კოშკი" და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „Boost Spain S.I“-ს 20 წლის ვადით გასული წლის ივნისში გადასცა. ქონებით სარგებლობის წლიურ საფასურად კი, სიმბოლური ფასი, ერთი ლარი დაუწესა. მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, "ანბანის კოშკში“ გასართობი ობიექტები ინვესტორს ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა გაეხსნა.