მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანტივაქსერებთან ღარიბაშვილის მესიჯია - ყველაფერი გავაკეთეთ, რაც თქვენ გესიამოვნებათ“

61f91ff44a5f8
მარიამ ვარადაშვილი
01.02.22 19:30
671

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ფორმით “მწვანე პასპორტის” არსებობას აზრი არ ჰქონდა. ასე აფასებს ის მთავრობის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქვეყანაში "მწვანე პასპორტი" გაუქმდა. საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ვირუსის ახალი შტამით დაასაბუთა - "ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება".

“ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კონტროლი 2020 წლის სექტემბრიდან, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. გიორგის გახარიას და მით უფრო ირაკლი ღარიბაშვილის მიდგომაც ყოველთვის პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობდა. კერძოდ, რა პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებდა ხელისუფლება და არა - ეპიდემიოლოგიური ლოგიკა. განსაკუთრებით გართულდა ეს მდგომარეობა მიმდინარე წლის ივნისიდან, როდესაც ღარიბაშვილმა ეპიდკონტროლი ქვეყანაში მთლიანად მოშალა.


“მწვანე პასპორტიც” ფორმალურად შემოიღეს. პრობლემა მხოლოდ ის კი არ იყო, რომ 6 თვით ადრე ინფიცირებულებსაც ეძლეოდათ ეს სტატუსი, უფრო დიდი პრობლემა იყო თუ სად იყო "მწვანე პასპორტზე" მოთხოვნა. იქ, სადაც ამ პასპორტს გთხოვდნენ, მოსახლეობის ძალიან დაბალი რაოდენობა დადის. თუ გვინდოდა, რომ მას ეპიდკონტროლის და ვაქცინაციის წამახალისებელი ფუნქცია ჰქონოდა, მაშინ ის უნდა გავრცელებულიყო მაღაზიაზე, აფთიაქსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ამის გარეშე “მწვანე პასპორტს” აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ახლა ეს “მწვანე პასპორტი” გაუქმდებოდა თუ დარჩებოდა, ამას არანაირი გავლენა არც ვაქცინაციაზე და არც ინფექციის მზარდ მაჩვენებელზე არ ჰქონდა და არც ექნებოდა”, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჯანადაცვის სპეციალისტი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ ანტივაქსერებისა და პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერა გაიმყარა.

"ამ გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის მესიჯი ანტივაქსერებთან, შავრაზმერულ-პრორუსულ ჯგუფებთან, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც თქვენ გესიამოვნებათ, რადგან თქვენ ჩვენი დასაყრდენი ხართ; ეს არის აქ მთავარი. ვიმეორებ, იმ ფორმით, რა ფორმითაც "მწვანე პასპორტი" შემოიღეს, ის თავიდანვე უფუნქციო იყო და მისი დატოვება არც ვაქცინაციაზე და არც ეპიდკონტროლზე გავლენას არ ახდენდა. ამას აქვს სერიოზული პოლიტიკური გზავნილის ფუნქცია, რომ ჩვენ გეყრდნობით თქვენ და იყავით ლოიალურები "ქართული ოცნების" მიმართ”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.