მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"APM Terminals-ის წარმომადგენლებმა მეტი ინვესტიციის განხორციელების მზაობა გამოთქვეს" - მთავრობა

63908acdbadb1
ინგა მურუსიძე
07.12.22 16:42
828
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APM Terminals-ის წარმომადგენლებს შეხვდა.  როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს ფოთის პორტის პოტენციალსა და გაზრდილ ინტერესზე შუა დერეფნის მიმართულებით.

"ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ მზარდი ტვირთნაკადის ფონზე, ფოთის პორტში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. APM Terminals-ის წარმომადგენლებმა მეტი ინვესტიციის განხორციელების და არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მზაობა გამოთქვეს. საუბარო ასევე შეეხო სამომავლოდ ფოთის პორტის შესაძლო გაფართოებას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას APM Terminals-ის მხრიდან ევროპისა და აფრიკის რეგიონალური დირექტორი იგორ ვან დერ ესსენი და APM Terminals Poti-ის გენერალური დირექტორი ხულიან ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციისთვის, რომ APM TERMINALS-მა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 351,056 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემა სთხოვა, მაგრამ მაშინ სახელმწიფოსგან უარი მიიღო. ამის შემდეგ APM იწყებს იმ ეტაპების გავლას, რაც საჭიროა, პორტის მშენებლობისთვის. კერძოდ, ვიდრე პორტის ფიზიკური მშენებლობა დაიწყება, სამი მთავარი სტადიაა - პირველი არის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, მეორე - პროექტის შეთანხმება და მესამე - უშუალოდ მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, 2019 წელს APM-მმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით და მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან საჭირო ნებართვა მიიღო კიდეც, მაგრამ ძალიან მალევე ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ ბრძანება გააუქმა; მიზეზად ხარვეზები დასახელდა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ APM-მა 2020 წელს კიდევ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და იმავე წლის 26 მარტს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან ეს ნებართვა მიიღო.

თუმცა როგორც BMG-მ გაარკვია, მიწის ნაკვეთები, რომლის გადაცემასაც APM-ი ჯერ კიდევ 2018 წელს ითხოვდა, კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაა. ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ არსებით საკითხებთან დაკავშირებით, ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებები გრძელდება. რას მოიცავს არსებითი საკითხები - ამის გაგებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან შევეცადეთ.

BMG ჯერ კიდევ ოქტომბერში ცდილობდა გაერკვია აშენდება თუ არა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი ანუ აქვს თუ არა „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მმართველ კომპანია APM TERMINALS POT-ს პორტის გაფართოების სურვილი, რაშიც 250-დან 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის ჩადება ჰქონდა გაცხადებული.