27.მარტი .2020 00:49

"არ გვაქვს პანიკის საფუძველი და არ უნდა გავაკეთოთ გაუაზრებელი ქმედებები ვალუტასთან მიმართებაში"

views 577
უკან

დღეს ინფრასტრუქტურული პროექტები და ე.წ. კაპიტალური ხარჯები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში 50 000 ადამიანამდე იყო დასაქმებული სხვადასხვა პროექტზე და დაახლოებით 1200 ქართული კომპანია მუშაობდა ამ სფეროში. ახლა, ინფრასტრუქტურული პროექტი არის არა მხოლოდ ახალი გზა ან ახალი სკოლა, არამედ ეს არის ადამიანებისთვის შემოსავლის წყარო და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები არსად გაჩერებულა, რაც საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რომ განვითარდნენ და შეინარჩუნონ სამუშაო ძალა.

„საკმაოდ რთული ვითარებაა და მსოფლიოს უძლიერეს ეკონომისტებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც უჭირთ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება, თუმცა დღეის მდგომარეობით პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. ვნახეთ, რომ იყო უსაფუძვლო აჟიოტაჟი და ბევრი ადამიანი ცდილობდა მოემარაგებინა საკვები. მალე დავრწმუნდით, რომ ჩვენი მაღაზიების თაროები სავსეა. ასეთივე ტიპის ემოციები არ უნდა გვქონდეს ვალუტასთან მიმართებაშიც იმიტომ, რომ დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა ბევრად კარგია, ვიდრე ზოგიერთ საკმაოდ ძლიერი ეკონომიკის და ჯანდაცვის ქვეყანაში. არ გვაქვს პანიკის საფუძველი და არ უნდა გავაკეთოთ გაუაზრებელი ქმედებები ვალუტასთან მიმართებაში, გავუფრთხილდეთ ჩვენს საბანკო სისტემას, რომელიც საკმაოდ მდგრადია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა