მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გვესიამოვნა... გვეგონა ეს საკითხი მოგვარდა" - რატომ შეაჩერეს ჯანდაცვის კანონპროექტის დამტკიცება?

5f12ef343bc19
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.20 17:00
1453

გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რაზეც ჯანდაცვის კომიტეტზე კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კონსენსუსი შედგა, არ დაამტკიცებდნენ.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც კლინიკებისთვის ჯარიმებს, ლიცენზიების სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე შეჩერებას და სხვა რეგულაციებს ეხებოდა. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კლინიკების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიციის შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საკითხი დათმო, მათ შორის სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით შეიცვალა ჩანაწერი და კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი პლენარულ სხდომაზეც უყარეს და დაამტკიცეს.  გუშინვე პლენარულ სხდომაზე შესვენების დროს დიმიტრი ხუნდაძის კომიტეტმა კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და მიღებაც მოასწრო. კანონპროექტი ამ შეთანხმების შემდეგ, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უნდა გასულიყო და პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში კანონის სახე უნდა მიეღო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

"მეორე მოსმენის შემდეგ ჯანდაცვის შესახებ კანონის პროექტში ცვლილებები შევიდა; რადგან დაჩქარებული წესით განიხილება პროექტი, ცვლილებები შევიდა. გარკვეული კონსულტაციებისთვის გამოიკვეთა დროის საჭიროება და მინდა, გთხოვოთ, მესამე მოსმენის გადავადება", - ამ სიტყვებით მიმართა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ არჩლ თალაკვაძეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა და კანონპროექტს კენჭი არ უყარეს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რატომ არ მოხდა კანონპროექტის დამტკიცება. 


„რეალურად კონსესუსამდე მივედით. ბევრი მსჯელობა იყო, მუხლობრივადაც გავიარეთ. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და მთლიანობაში კმაყოფილები ვიყავით იმით, რომ კონსესუსამდე მივედით. 

არ გვესიამოვნა, რა თქმა უნდა, მთლიანობაში გვეგონა, რომ მოგვარდა ეს საკითხი და ეს მოგვარება არ ნიშნავს იმას, რომ რა სურვილიც გვქონდა 100% ყველაფერი შერულდა. თავისთავად რაღაცეებზე შევთანხმდით, რაღაც ავუხსენით, დავანახეთ, რაღაცაზე დავითანხმეთ, რაღაცაზე თვითონ გვითხრეს არგუმენტები, რაღაცნაირად ისეთი ნამუშევარი ვერსია იყო და პოზიტიურად გამოვედით იქიდან. მერე რა მოხდა რეალურად არ ვიცით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და იქიდან გამომდინარე მივხვდებით რაშია საქმე“, - განუცხადა bm.ge-ს ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა.


მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტისგან კანონპროექტის მიღებამდე დრო ითხოვა, BMG  თამარ გაბუნიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მას ეკატერინე ტიკარაძესთან ჰქონდა საუბარი. გაბუნიას თქმით, იმის გამო, რომ კანონპროექტის ავტორი სამინისტრო და მთავრობა არიან, გადაწყდა, რომ პოზიციების ხელახალი შეჯერებისთვის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო.

ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ელის კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომელზეც კერძო სექტორთან შეთანხმება შედგა.