მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გვინდა ჩუმად რამის კეთება... პასუხი გვჭირდება ხვალვე“ - სასტუმროები მთავრობას მიმართავენ

619ccf402ef43
ელენე გოგბერაშვილი
24.11.21 00:00
1092
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. "მწვანე პასპორტების" მექანიზმი ამოქმედდება, რომელიც პირველ ეტაპზე წინასწარ განსაზღვრულ სფეროებზე გავრცელდება. ახალი რეგულაციები სტუმარ-მასპინძლობის სექტორსაც ეხება. დაანონსებულ ცვლილებებზე ეკონომიკის სამინისტროში გასულ კვირას ბიზნესთან რამდენიმე შეხვედრა შედგა. შეხვდნენ როგორც რესტორატორებს, ისე სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს. ორივე სექტორი "მწვანე პასპორტების" სისტემის ამოქმედების სანაცვლოდ დღემდე მოქმედი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს, მათ შორის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი კერძო სექტორისთვის 23:00 საათის შემდგომ ოპერირების შეზღუდვაა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი, ჰოტელიერი ალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მწვანე პასპორტების სქემა ბიზნესისთვის გარკვეულწილად წნეხია, ამიტომ ახალი რეგულაციების საპირწონედ კერძო სექტორს სჭირდება გარკვეული წამახალისებელი გადაწყვეტილებები.

„მოდი ვთქვათ, რომ ეს წნეხია ჩვენთვის, ზედმეტი დავალებაა. ამის საპირწონედ გვჭირდება რაღაც ბენეფიტი, რაც რეალურად ჩვენი წარმოდგენით იყო ის, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ჰქონდა სასტუმროებს, იგივე საკონფერენციო სივრცეებთან დაკავშირებით, იგივე სარესტორნო სივრცესთან დაკავშირებით, "შვედურ მაგიდებთან" დაკავშირებით და ა.შ., ამის გამარტივება უნდა მოხდეს“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი და იმასაც დასძენს, რომ სასტუმრო ბიზნესისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, იქნება თუ არა შეზღუდვები ახალ წელს.

„ახალი წლისთვის ახლა შემოდის ძალიან ბევრი მოთხოვნა, სადაც გარკვევით იწერება, რომ აინტერსებთ რას ვაკეთებთ ახალ წელს ანუ როგორ ვატარებთ ახალ წელს და აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ან დაჯავშნის ჩვენთან, ან - არა. ახალი წელი და რამდენიმე დღე არის პერიოდი, როცა შეიძლება ჩვენი შემოსავალი შეივსოს და იანვრის განმავლობაში ეს გვეყოს. რეალურად ამ წუთში მომხმარებელს ვერ ვპასუხობთ და არ გვაქვს რეალური პასუხი, რა უნდა გავაკეთოთ ახალ წელს.

პირდაპირ ვამბობ, არ გვინდა ჩუმად რამის კეთება, არ გვინდა რაღაცის დარღვევა და არ გვინდა გვეშინოდეს ახალ წელს შემოსული შემმოწმებლის, რომელიც დაგვაჯარიმებს. ძალიან ბევრ სასტუმროს და რესტორანს აქვს იმის საშუალება, რომ რაღაც მოვლითი გზებით სხვადასხვა ე.წ. „ლაზეიკებით“ გააკეთოს ღონისძიება. გვინდა, თავისუფლად ვისუნთქოთ, თავისუფლად დავგეგმოთ და გავუკეთოთ მარკეტინგული ღონისძიებები ჩვენს ობიექტებს; გვინდა, რეკლამა გავუშვათ მეზობელ ქვეყნებში, რომ ჩამოვიდნენ. ამისთვის გვჭირდება თავისუფლება, რომ ადამიანები არ იყვნენ დასტრესილები და არ მოვიგონოთ ზედმეტი ხერხები, თუ როგორ გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან, ეს არ გვინდა; გვინდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ“, - აცხადებს ალავერდაშვილი.

Bm.ge-ს კითხვას - სასტუმრო ბიზნესის მხრიდან დასმულ პრობლემურ საკითხებზე რა პასუხი ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს, ჰოტელიერი ასე პასუხობს:

„ყველა ყველაფერში გვეთანხმება, ჩვენი ესმის ყველას, როცა შეხვედრა მიდის. იმედია, საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 24 ნოემბერს იმართება, გაითვალისწინებს ჩვენ მიერ დაყენებულ საკითხებს“.

მისივე თქმით, ტრადიციულად საახალწლოდ ჯავშნები მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით სომხეთიდან მოდის, თუმცა რა იქნება საახალწლოდ სასტუმროებს პასუხი ამ დრომდე არ აქვთ.

„ამ ადამიანებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ამიტომ პასუხი გვჭირდება ხვალვე, პასუხს ველოდებით, რას ვაკეთებთ ანუ ვიკეტებით ახალ წელს, 23:00 საათზე ვაძინებთ სტუმრებს, მოვიგონოთ გამოსავლის ხერხები თუ თავისუფლად ვისუნთქოთ?!“ - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.