მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ მიყვარს ციფრზე გამოკიდება, მაგრამ მნიშვნელოვანია შევხედოთ ვინ დებს ქვეყანაში ფულს" - ბოჭორიშვილი

616085a888994
თამთა ჯიჯავაძე
09.10.21 00:00
784
პანდემიის მიუხედავად ვფიქრობ, რომ გრძელვადიანი კაპიტალური ინვესტიციები არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, რათა 2-3 წლიან ჭრილში ქვეყანა ფეხზე წამოდგეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ გარკვეული, მაგალითად ინფრასტრუქტურული ხარჯების გადადება მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია კაპიტალური ინვესტიციები, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანამ სარგებელი მიიღოს.

„მესმის როდესაც პროექტების გადავადება ხდება. მაგალითად თუ ის არის ნაკლებად აქტუალური, ან თუნდაც თუ არ ველოდებით ტურისტულ ნაკადებს, შეიძლება ტურისტული ინფრასტრუქტურის ხარჯების გადადება მოხდეს, ეს გასაგებია. თუმცა, რაც უფრო მეტი დაიხარჯება კაპიტალურ ინვესტიციებში, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის კარგია.

მნიშვნელოვანია რომ ხარისხობრივად შევხედოთ ყველაფერს. არ მიყვარს ციფრზე გამოკიდება, ინვესტიციების შემოდინებაც ყოველთვის მერყევია. მაგრამ მნიშვნელოვანია შევხედოთ ვინ დებს ქვეყანაში ფულს და რა ახალი პროექტები იქმნება. როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ სიახლეებს, სადაც ახალი კომპანიები, ახალი სახეები და ახალი ქვეყნები ჩანს და ვერ ვხედავთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თუნდაც ინვესტიციების კუთხით, ეს იქნება ჰესებში თუ ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა, უკვე საგანგაშოა, რადგან ყოველთვის გვექნება პრობლემა ინვესტიციებზე, ვნახავთ დიდ ჩავარდნებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ინვესტიციები გვინდა სამუშაო ადგილებისთვის, სადაც დიდი კლება გვაქვს. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ სამუშაო ადგილების არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ შექმნაც მოხდეს“, - დასძინა ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.