მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ თქმულა, რომ კლინიკების მიერ ₾1 მილიარდი გაიფლანგა" - რას განმარტავს მინისტრი?

627ce13680d61
ალა ისპირიანი
12.05.22 14:28
1405
"სახელმწიფომ covid-კლინიკებს 1 მლრდ ლარი გადაუხადა“ - რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მიზეზი ის კონტექსტი იყო, რომელიც ამ თემას ახლდა.

საქმე ის არის, რომ 1-ელი მარტიდან Covid-კლინიკების ანაზღაურების სისტემა შეიცვალა და მათი დაფინანსება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით ხდება, ნაცვლად - მობილიზებული საწოლების რაოდენობისა. ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას კი, კლინიკების მხრიდან უწყების კრიტიკა მოჰყვა - ისინი ახალ მოდელზე გადასაწყობად მეტ დროს ითხოვენ. სწორედ ამ კონტექსტში თქვა მინისტრმა, რომ სახელმწიფომ covid-კლინიკებს 1 მლრდ ლარი გადაუხადა. „ეს თანხა უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, როცა შეტყობინებას მივცემდით და კლინიკებს სამართლიან ანაზღაურებაზე გადავიყვანდით. ამ 2 წლის განმავლობაში ამ ყველაფერში მინიმუმ 1 მლრდ ლარია გადახდილი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა და ისიც აღნიშნა, რომ „კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა ხელოვნურად ხდებოდა“.

„იანვრიდან მოყოლებული კლინიკებში დატვირთულობას აქტიურად ვაკვირდებოდით. ჩვენი თანამშრომლების 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკებში დადიოდა. კლინიკებში პაციენტების მიღებისა და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები არსებობს, რომელთაგან არცერთი არ სრულდებოდა და კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა ხელოვნურად ხდებოდა“, - ამბობდა მინისტრი.

გუშინ კი, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რაში დაიხარჯა 1 მლრდ ლარი, რომელიც კლინიკებმა პანდემიის პერიოდში მიიღეს და მიანიშნა, რომ რომ მას კლინიკები საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში არ დაუდანაშაულებია.

"ამ 1 მილიარდზე ბევრი სხვა და სხვა ინტერპრეტაცია იყო. ეს 1 მლრდ ლარი იყო სრულად დახარჯული ჩვენი მოქალაქეების მკურნალობაზე. ამ 1 მილიარდ ლარში შედიოდა მკურნალების და მედიკამენტების ხარჯი და ასევე ის დანამატები, რაც სახელმწიფომ ექიმებს და ექთნებს დაუწესა. ასევე აქ შედიოდა საწოლფონდში გადახდილი თანხებიც. ის, რომ ეს 1 მილიარდი ლარი გაფლანგულია, ასეთი რამე არ თქმულა. მე ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი კლინიკა სარგებლობდა ამ პანდემიური პროცესით და დანამატი ექიმებამდე და ექთნებამდე არ მიდიოდა, მაგრამ ეს ეხება კონკრეტულ კლინიკებს და ანაზღაურებებს და არა სექტორს ან ვიღაც კონკრეტულის ბრალეულობას. ამას არ ვადასტურებ და ვერც დავადასტურებ მანამ, ეს მოკვლევა მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის უწყების შესაბამისმა რგოლებმა სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების შემოწმების პირველად შედეგებზე რამდენიმე დღის წინ უკვე ისაუბრა.